ახალი ამბები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 2016-2020 წლებში ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოს აფასებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ (TIG) 22 ოქტომბერს ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც 2016 წლის პარლამენტის არჩევნებიდან დღემდე არსებულ მედიაგარემოს აფასებს და აცხადებს, რომ 2012-2016 წლების პერიოდთან შედარებით, ქართული ოცნების მიდგომა კრიტიკულად განწყობილი მედიის მიმართ „უფრო ხისტი გახდა“.

ანგარიში 2016-2020 წლების მედიაგარემოს ძირითად ტენდენციებს განსაზღვრავს და ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს აფასებს, როგორებიცაა – საზოგადოებრივი მედია, კერძო მაუწყებლები, ჟურნალისტების უფლებები, კომუნიკაციების კომისია, მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები და რუსული პროპაგანდა.

ორგანიზაციის თქმით, ქართული მედიაგარემო პლურალისტური, მაგრამ უკიდურესად პოლარიზებულია, ვინაიდან „მედია, განსაკუთრებით კი – ტელევიზია, პარტიების მიერ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად აღიქმება, შესაბამისად, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირება პირდაპირ აისახება მედიაგარემოზე“.

ანგარიშის თანახმად, მართლმსაჯულებასა და სამართალდამცველ სისტემებზე საკუთარ ზეგავლენას ხელისუფლება აქტიურად იყენებს  კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, ხოლო ოპოზიციის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გამოხატულად აგრესიული ტონი პირდაპირ ასახვას პოულობს „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკაზე.

კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებზე ზეწოლის კონტექსტში, ანგარიშში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მაგალითია მოყვანილი, რომელსაც პროკურატურამ უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენებისთვის ბრალი 2019 წლის აგვისტოში წარუდგინა. ამასთან, ანგარიშის თანახმად, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას დაკავება „პოლიტიკურად პოტივირებულია“.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ საანგარიშო პერიოდში ათობით ფაქტი  იყო  მედიის წარმომადგენლების მიმართ მუქარის, მათ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის მცდელობების, ფიზიკური დაზიანების შემთხვევები, განსაკუთრებით „გავრილოვის ღამის“ მოვლენების დროს, რასაც „ხელისუფლების მხრიდან კანონით დადგენილი სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია“.

ანგარიშის თანახმად, „სამწუხარო ტენდენციის სახე მიიღო მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკული მედიის გადაცემებში, როგორც  მონაწილეობაზე უარის თქმამ, ასევე ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელმა გამონათქვამებმა“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ფინანსური სტაბილურობა ქართული მედიისთვის კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება და ეს პრობლემა კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა, რაც „კიდევ უფრო მძიმედ აისახა ისედაც მწირ სარეკლამო ბაზარზე“.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსული პროპაგანდა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და  საფრთხეს უქმნის პლურალიზმს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. „სამწუხაროდ, ხელისუფლება არ დგამს  ქმედით ნაბიჯებს რუსული პროპაგანდის შესაკავებლად“, – აცხადებს ორგანიზაცია და დასძენს, რომ Facebook-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, „შიდა დეზინფორმაციას ძირითადად ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები ავრცელებენ, თუმცა, ოპოზიციური ძალებიც აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასაც აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მის მიმართ „ლეგიტიმური კითხვები“ არსებობს, მის დამოუკიდებლობასა და მასზე ხელისუფლების ზეგავლენასთან დაკავშირებით, ვინაიდან „მარეგულირებლის ცალკეული განცხადებები, პროექტები თუ საკანონმდებლო წინადადებები ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის საქმიანობის შეზღუდვისა და  დისკრედიტაციისაკენ არის ძირითადად მიმართული“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button