skip to content
ახალი ამბები

MDF: ადმინისტრაციული ორგანოები ანტიდასავლურ და კრემლთან დაკავშირებულ მედიებთან თანამშრომლობენ 

არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) მიერ გამოქვეყნებულ  ანგარიშში – „მედიის ფინანსური გამჭირვალობა“ – ნათქვამია, რომ 2014-2018 წლების პრაქტიკის მსგავსად, 2019 წელსაც გამოიკვეთა რამდენიმე მედიასაშუალება, რომელთანაც საბიუჯეტო ორგანიზაციები წინა წლების მსგავსად თანამშრომლობდნენ და რომელთა ნაწილი ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკით, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გავრცელებით გამოირჩევიან.

„მედიის განვითარების ფონდის“ თქმით, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა ქვემოთ მოცემულ იმ მედიასაშუალებებთან გააფორმეს მომსახურების კონტრაქტები, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებითა და სიძულვილის ენის გამოყენებით გამოირჩევიან:

  • გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკა“, რომელიც ჰომოფობიით, ასევე კონსპირაციებითა და სტალინის განდიდებით გამოირჩევა, 55 525 ლარის საბიუჯეტო კონტრაქტები გააფორმა;
  • ონლაინგამოცემებმა – „ქართული აზრი“ და „რეპორტიორი“, რომლებიც დეზინფორმაციის, კორონავირუსთან და 5G ანტენებთან დაკავშირებული კონსპირაციების გავრცელებით, ასევე ხელისუფლებისა ოპონენტების დისკრედიტაციით გამოირჩევიან, 30 109 ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმეს;
  • მარშალპრესმა, რომელიც ერთი მხრივ, ხელისუფლების ოპონენტების დისკრედიტაციის კამპანიებშია ჩართული, მეორე მხრივ კი – კორონავირუსსა და სხვა თემებზე დეზინფორმაციის ხშირი წყაროა, 12 806 ლარის კონტრაქტები მიიღო.

„მედიის განვითარების ფონდი“ აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს არ აქვთ განსაზღვრული მკაფიო კრიტერიუმები, თუ რა ნიშნით არჩევენ ბენეფიციარ მედიებს და ეფუძნება თუ არა მათი გადაწყვეტილებები აუდიტორიის კვლევასა და სამიზნე აუდიტორიის საჭიროებებს. ორგანიზაციის თქმით, საბიუჯეტო დაწესებულებები ამ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობისას ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას არ ითვალისწინებენ.

ანგარიშის თანახმად, იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებს შორის, რომელთაც ხსენებულ მედიასაშუალებებთან კონტრაქტები გააფორმეს, არიან – გარემოს ეროვნული სააგენტო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სპეციალური პენიტენციური სამსახური, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და სხვ.

დოკუმენტის მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციები კვლავ აფორმებდნენ კონტრაქტებს კრემლის პროპაგანდისტულ პლატფორმა სპუტნიკთან დაკავშირებულ მედიებთან. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ასეთ მედიასაშუალებებს შორისაა  Newspress (NSP) და მასთან დაკავშირებული region.ge, რომელთანაც საერთო ჯამში 38 993 ლარის ოდენობის საბიუჯეტო კონტრაქტები გაფორმდა.

ანგარიშის თანახმად, ამ მედიასაშუალებებთან კონტრაქტები გააფორმეს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების სააგენტოებმა, ასევე სხვა საქვეუწყებო და ადგილობრივი ხელისუფლების სამსახურებმა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხსენებული მედიასაშუალებები, წინა წლების მსგავსად, კვლავაც „სპუტნიკს“ ეყრდნობიან და საარქივო მასალას აცოცხლებენ, მათ შორის, რუსი გენერალ-მაიორის, ვიაჩესლავ ბორისოვის ვერსიას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ.

„მედიის განვითარების ფონდი“ აღნიშნავს, რომ Newspress-ის ხელმძღვანელმა ალეკო ჩუბინიძემ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, „სპუტნიკ-საქართველოს“ თანამშრომელი იყო, 2019 წელს „სპუტნიკის“ პროექტის ტრენინგში მიიღო მონაწილეობა, სადაც ტელეკომპანია RT-ის პრესსამსახურის უფროსი, მთავარი რედაქტორის მოადგილე ანა ბელკინა ჟურნალისტებს ყალბ ინფორმაციაზე ესაუბრა. ანგარიშის თანახმად, დისკუსიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს NewsDay-ს, „საქართველო და მსოფლიოს”, „ასავალ-დასავალის“ და „ინტერპრესნიუსის“ წარმომადგენლებმა, ასევე ნინო ბურჯანაძის პარტიის „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ანზორ ბიწაძემ (ეს უკანასკნელი ბურჯანაძის შვილია).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button