Placeholder canvas
ახალი ამბები

ცესკო-მ კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 18 სექტემბერს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი გამოაქვეყნა. დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ. ის საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს ეფუძნება.

დოკუმენტის თანახმად, კენჭისყრის შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები, ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

ცესკო-ს ინფორმაციით, კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან განთავსებული იქნება დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხშირად შეხებადი ზედაპირების სათანადო წესით დეზინფექციას და საარჩევნო უბნების შეძლებისდაგვარად ბუნებრივ ვენტილაციას.

რაც შეეხებათ ამომრჩევლებს, ისინი არ გაივლიან თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებული იქნებიან, ეკეთოთ პირბადე. იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველს პირბადე არ ექნება, საარჩევნო ადმინისტრაცია მას აღნიშნულით უზრუნველყოფს.

ამომრჩეველს უბანზე მისვლისას იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად პირბადის მოხსნა ორჯერ, მცირე დროით მოუწევს. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარს სპეციალურ კონტეინერში განათავსებს და საარჩევნო უბანს დროულად დატოვებს. ფარული კენჭისყრის კაბინები ისე იქნება მოწყობილი, რომ იქ სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები მაქსიმალურად იყოს დაცული და არც კენჭისყრის ფარულობის პრინციპი დაირღვეს.

პანდემიის გათვალისწინებით, სამუშაო ჯგუფი, ცესკო-სა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით რისკჯგუფების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფად მუშაობას გააგრძელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button