skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ზალკალიანს ოქტომბრის არჩევნების თაობაზე მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისთვის გამოგზავნილ წერილში, რომელიც 15 სექტემბრით თარიღდება, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო წერს, რომ იგი „საერთაშორისო სტანდარტებისა დ საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნები ჩატარების“ შესახებ ზალკალიანის ხედვას იზიარებს.

პომპეომ წერილი 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე აშშ-დან საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის თაობაზე ზალკალიანის მოსაწვევზე პასუხად გამოაგზავნა.

„თანაბარი პირობების შექმნა, საარჩევნო რეფორმების ზედმიწევნით განხორციელება, ადამიანის უფლებათა, გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა გადამწვეტია, როგორც არჩევნების დღეს, ისე წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდებში“, – წერს პომპეო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მხარი დაუჭირა ეუთო/ოდირის რეკომენდაციას 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებლისგან შემდგარი მისიის ჩამოსვლის თაობაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოხალისეებს მოიძიებს, რომლებიც ამ მისიას შეუერთდებიან. პომპეომ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო საქართველოში ცესკო-სთან კოორდინაციით შეეცდება, რომ არჩევნებზე დაკვირვებაში საელჩოს წარმომადგენლებიც ჩართოს.

მაიკ პომპეომ ასევე აღნიშნა, რომ იგი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას საერთაშორისო ვიზიტორების უსაფრთხო ჩამოსვლის უზრუნველსაყოფად.

„მზად ვართ, კვლავაც დავუჭიროთ მხარი საქართველოს იმ რეფორმების განხორციელების საქმეში, რომლებიც გააძლიერებს თქვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და განამტკიცებს დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში“, – დასძინა პომპეომ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button