ახალი ამბები

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ახალი ლიდერი აირჩია და მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა  

პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ 14 სექტემბერს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამართულ რიგგარეშე ყრილობაზე ახალი თავმჯდომარე და გამგეობის ახალი შემადგენლობა აირჩია. ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც ერთ დროს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა, ერთი თვის წინანდელი შიდა კრიზისის მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა.  

თამარ კეკენაძე, რომელიც მანამდე პარტიის გენერალური მდივანი იყო, პარტიის თავმჯდომარე გახდა. მან ამ პოსტზე შალვა შავგულიძე შეცვალა, რომელმაც პარტია 20 აგვისტოს ხმაურით დატოვა. შავგულიძე ამჟამად ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატია მთაწმინდის ოლქში.  

ახალი გამგეობის წევრებად თამარ კეკენაძე, ვახტანგ მჭედლიძე, დევი ტაბიძე და ემზარ კაკულია აირჩიეს. მჭედლიძე პარტიის პროპორციული სიის სათავეშიცაა.  

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ მაჟორიტარი დეპუტატობის 4 კანდიდატიც წარადგინა.  

თბილისში, საბურთალოზე ვიტალი დარასელია იყრის კენჭს, ისნის ოლქში კი – ედუარდ ელოშვილი. 

დავით ჭუნიაშვილი გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს, ვახტანგ მარტოლეკი კი  – მცხეთა- დუშეთი- თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქში.  

ახალი ხელმძღვანელობის არჩევამდე რამდენიმე კვირით ადრე, პარტია ოთხმა წამყვანმა წევრმა, მათ შორის თავმჯდომარე შალვა შავგულიძემ დატოვა. შავგულიძემ მიზეზად „პარტიის გამგეობაში შექმნილი არაჯანსაღი ვითარება“ დაასახელა. მაშინ კეკენაძემ ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და პირობა დადო, რომ პარტია ოქტომბრის არჩევნებში მაინც მიიღებდა მონაწილეობას.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button