ახალი ამბები

ოპოზიციურმა პარტიებმა „ერთმანეთის ხმების დაცვის“ მემორანდუმს მოაწერეს ხელი

30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, გირჩმა, რესპუბლიკურმა პარტიამ და ერთიანი საქართველო-დემოკრატიულმა მოძრაობამ, 24 აგვისტოს, შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ერთმანეთის ხმების დაცვის“ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ტექსტში ოპოზიციური პარტიები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად „ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს“ ასახელებენ და მთავარ ამოცანად „არჩევნების მიმართ საზოგადოებრივი ნდობისა და მხარდაჭერის“ გაძლიერებას ისახავენ.

ისინი არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილების მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას და „ივანიშვილის რეჟიმის ხელში მობილიზებული ადმინისტრაციული რესურსების“ პირობებში, ამომრჩეველთა ხმების დასაცავად ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას უსვამენ ხაზს.

„პარტიების ამოცანა არა ცალკეული პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველთა ხმების დაცვა, არამედ მთელი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და თითოეული მოქალაქის არჩევანის დაცვა იქნება. ამ ამოცანის მისაღწევად ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას“, – ვკითხულობთ მემორანდუმში.

ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის ხმების დაცვის მიზნით კოორდინაციასთან ერთად, საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთობლივად მუშაობაზეც შეთანხმდნენ, „რათა არჩევნების ლეგიტიმურობის გარშემო არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები“.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის დამარცხებით, საქართველოში საარჩევნო მანიპულაციების მავნე ტრადიციას წერტილი უნდა დაესვას“, – აცხადებენ ოპოზიციური პარტიები.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, თინა ბოკუჩავას თქმით, „დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ „ოპოზიციას ბევრად მეტი აერთიანებს, ვიდრე ყოფს“. მან ოპოზიციის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმს „სტრატეგიულად მნიშვნელოვანი“ უწოდა და თქვა, რომ მას სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც მოჰყვება, მათ შორის „დოკუმენტი, რომელიც ცალსახას გახდის, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია ბიძინა ივანიშვილს კოალიციურ მთავრობას არ შეუქმნის“.

მემორანდუმი რომ ოპოზიციის ერთობას აჩვენებს, ეს ევროპული საქართველოს დეპუტატმა დავით ბაქრაძემაც თქვა. მანვე აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა ხმების დაცვის მიზნით, ოპოზიცია „საერთო შტაბს“ შემქნის, რომელსაც პარტია „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ ხელმძღვანელი პაატა დავითაია უხელმძღვანელებს. ბაქრაძისვე თქმით, ოპოზიციური პარტიები საარჩევნოდ დარღვევების ამსახველი საერთო მონაცემთა ბაზის შექმნასაც გეგმავენ.

„ჩვენ საიმედოდ ჩავრაზავთ გაყალბების და ისტორიის გამრუდების ყველა კარს, თუკი ვინმე ეცდება ამას არ გამოუვა და დაუმთავრდება უმძიმესი შედეგებით“, – თქვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კი – ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაციისა და შეთანხმების „ერთგულების“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „როდესაც ვაწერთ ხელს შეთანხმებას ის უნდა დავიცვათ. ეს არის ის, რასაც ჩვენი მხარდამჭერები ჩვენგან მოითხოვენ“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button