skip to content
ახალი ამბები

პოლიტიკური რეიტინგები და საგარეო პოლიტიკურის კურსი IRI-ის კვლევაში

„საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) 12 აგვისტოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების და ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებით მოქალაქეების დამოკიდებულებებსაც ასახავს.

რესპონდენტების 38% ფიქრობს, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ეს მაჩვენებელი გასული წლის ოქტომბრის მონაცემთან შედარებით, 16 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. 53%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება (2019 წლის ოქტომბერი –  68%), 9%-მა კი – არ იცის, ან უარია პასუხზე.

გამოკითხულების 65% ქვეყნის მართვის საუკეთესო გზად დემოკრატიული მმართველობის ფორმას მიიჩნევს. 17% მართვის სხვა ისეთ ფორმებზე, მიუთითებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის უფრო შესაფერისი იქნებოდა, 6%-ის მოსაზრებით – მართვის დემოკრატიულზე უკეთესი ფორმებიც არსებობს. 11%-მა არ იცის ან უარია პასუხზე.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა, 2020 წლის 4 ივნისიდან 2 ივლისამდე  პერიოდში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით, ბალტიის კვლევების/გელაპის (The Gallup) მიერ ჩატარდა და მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული რეგიონების გარდა), საარჩევნო უფლების მქონე 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ავტორების განმარტებით, შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.

პოლიტიკური რეიტინგები

კითხვაზე – „ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მხარს რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდი?“ – 33% ამბობს, რომ ქართულ ოცნებას (2019 წლის ოქტომბერი – 23%), 16% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას (2019 წლის ოქტომებრი – 15%), 5% ევროპულ საქართველოს (2019 წლის ოქტომბერი – 7%), 3-3% სტრატეგია აღმაშენებელს და პატრიოტთა ალიანსს. გამოკითხულების 2-2%-იანი მხარდაჭერა აქვთ – ლეიბორისტულ პარტიას, სამოქალაქო მოძრაობას (ალეკო ელისაშვილი), ლელო საქართველოსთვის და გირჩს. რესპონდენტების 1% ამბობს, რომ მხარს ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობას დაუჭერდა. 1%-იანი მხარდაჭერა აქვს ირაკლი ოქრუაშვილის გამარჯვებულ საქართველოსაც.

აგრეთვე, ამავე კითხვაზე, გამოკითხულების 1% პასუხობს, რომ მხარს არცერთ პარტიას დაუჭერდა, 17%-მა არ იცის, 11%-კი უარს ამბობს პასუხზე.

კვლევის შედეგების თანახმად, უარყოფითი რეიტინგების სათავეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. გამოკითხულების 29% ამბობს, რომ ამ პარტიას მხარს არავითარ შემთხვევაში დაუჭერდა. 25%-ით მას ქართული ოცნება, 16%-ით გირჩი, 12%-ით პატრიოტთა ალიანსი, ხოლო 9-9%-ით – ლეიბორისტული პარტია, პარტია სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) და ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა მოჰყვებიან.

პოლიტიკოსებში, საჯარო და სასულიერო პირებს შორის საზოგადოების ყველაზე მაღალი, 89%-იანი მოწონებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II  სარგებლობს, მისი პერსონა კი –  მხოლოდ 6%-ს არ მოსწონს. მას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გაყრელიძე მოჰყვება, ის გამოკითხულების 74%-ს მოსწონს, 17%-ს არა.  შემდეგ მოდიან – გიორგი გახარია – 63%-31%, კახა კალაძე – 57%-37%, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი – დავით ბაქრაძე – 53%-40%, შალვა ნათელაშვილი – 42%-51%, ბიძინა ივანიშვილი – 41%-51%.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რესპონდენტების 62%-ს არ მოსწონს, 32%-კი მოსწონს. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მიმართ უარყოფითად რესპონდენტების 52%-ია განწყობილი, 34%-ს კი მისი პერსონა მოსწონს. პარტია ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე არ მოსწონს გამოკითხულების 57%-ს, 27% კი – მის მიმართ დადებითად არის განწყობილი.

კვლევის ფარგლებში გამოკითხულებმა ყველაზე ნეგატიური დამოკიდებულება გირჩის ერთ-ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის მიმართ გამოხატეს. იგი რესპონდენტების 73%-ს არ მოსწონს. მას უარყოფით რეიტინგებში 72% და 66%-ით ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მოსდევენ.

8 მარტის შეთანხმება

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ფარგლებში კითხვა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საერთაშორისო დიპლომატების შუამავლობით 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესახებაც დაისვა. რესპონდენტების 41% შეთანხმებას მხარს ძლიერად უჭერს, 36% გარკვეულწილად უჭერს, 8% უფრო წინააღმდეგია, 5% შეთანხმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 11%-მა კი – არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.

ამასთან, 8 მარტის შეთანხმების შედეგად, პარლამენტში პროპორციული მანდატების 77-დან 120-მდე გაზრდას გამოკითხულების 15% ძალიან დადებითად აფასებს, 39% უფრო დადებითად, 11% უფრო უარყოფითად, 3% ძალიან უარყოფითად, 32%-მა კი – არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.

საგარეო პოლიტიკური კურსი

კვლევაში მოქალაქეებს კითხვები ქვეყნის საგარეო კურსის შესახებაც დაუსვეს. რესპონდენტების 94% ფიქრობს, რომ საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობა აქვს. 93% იმავეს ამბობს, ევროკავშირზე, 84% უკრაინაზე, 78% თურქეთზე, 71% სომხეთზე, 68% აზერბაიჯანზე, 64% ჩინეთზე და 50% ირანზე. გამოკითხულების 6% კი – მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვს.

ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ/ეკონომიკურ პარტნიორად გამოკითხულების უმრავლესობა (65%/51%) ამერიკის შეერთებულ შტატებს ასახელებს, ამავე მიმართულებით საფრთხედ კი – რუსეთს მიიჩნევს (82%/70%) ასახელებს.

გამოკითხულების 29% მოქმედი ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობების გამკლავებას გარკვეულწილად ნეგატიურად აფასებს, 33% რომ გარკვეულწილად დადებითად, 23% ძალიან უარყოფითად, 6% კი – ძალიან კარგად, რომ ძალიან კარგად. ამასთან, რესპონდენტების 40% რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას მხარს სრულად უჭერს, 35% მხარს გარკვეულწილად უჭერს, 8% უფრო არა, 14% – სრულად ეწინააღმდეგება.

გამოკითხულების 56% საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს სრულად უჭერს, 22% გარკვეულწილად უჭერს, 6% უფრო არ უჭერს, ხოლო 7% კი – ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას სრულად ეწინააღმდეგება.

ამასთან, რესპონდენტების 51% ამბობს, რომ ქვეყანა ალიანსში მას შემდეგ უნდა გაწევრიანდეს, რაც ქვეყნის სრული დეოკუპაცია მოხდება, 30%-ის მოსაზრებით კი – ქვეყანა ნატოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შემოერთებამდეც უნდა გაწევრიანდეს.

რაც შეეხება ევროკავშირს, გამოკითხულების 64% ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეა, 23% გარკვეულწილად მომხრეა. ამასთან, 43%-ის მოსაზრებით, ევროკავშირიდან მიღებული მთავარი სარგებელი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობაა.

აგრეთვე, გამოკითხულების 37% მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი მხოლოდ ევროკავშირის და პროდასავლური  მიმართულებით უნდა განვითარდეს. 45%-ის მოსაზრებით, აღნიშნული კურსის პარალელურად ქვეყანამ ურთიერთობა რუსეთთანაც უნდა შეინარჩუნოს. 6%-ის მიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო ვექტორი პრორუსული მიმართულებით უნდა განვითარდეს, თუმცა დასავლეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს. 2%-ის მოსაზრებით კი – ქვეყანა მხოლოდ პრორუსული გზით უნდა წავიდეს.

მთავრობისა და ინსტიტუტებისადმი ნდობა

გამოკითხულების 25% ქართული ოცნების ხელისუფლების მთავარ მიღწევად კოვიდ-19-თან ბრძოლას ასახელებს, 7% ჯანდაცვის სისტემის რეფორმას, 3% სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. 15% მიიჩნევს, რომ ოცნების ხელისუფლებას მიღწევა არ აქვს, 32%-მა არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.

ოცნების წარუმატებლობაზე კითხვის საპასუხოდ, რესპონდენტების 9% დაპირებების შეუსრულებლობას ასახელებს, 7% ეკონომიკურ უკუსვლას, 6% უმუშევრობას, 6% 2019 წლის ივნისის მოვლენებს, 4-4% კი – ოკუპირებულ ტერიტორიებსა და სიღარიბეს.

ინსტიტუტებისადმი საზოგადოების ნდობის სათავეში 89%-ით ქართული ჯარი დგას, მას 85%-ით მართლმადიდებლური ეკლესია, 71%-ით მედია. ნდობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პროკურატურას (32%), სასამართლოებს (32), გუბერნატორებსა (30%) და პროფესიულ კავშირებს (25%) აქვთ. ნეგატიური განწყობებში 61%-ით პრეზიდენტის ინსტიტუტი ლიდერობს.

ამასთან, გამოკითხულების 11% ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორს მთავრობის პოლიტიკაზე დიდი გავლენა აქვს, 32% მიიჩნევს, რომ გავლენა რამდენადმე აქვს, 27%-ის თქმით მცირე გავლენა აქვს, 16% კი – ფიქრობს, რომ არასამთავრობოებს მთავრობის პოლიტიკაზე გავლენა საერთოდ არ აქვთ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button