skip to content
ახალი ამბები

ლატვიის საგარეო უწყება აგვისტოს ომის 12 წლისთავს ეხმიანება

„ვიხსენებთ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულ აგრესიას“, – ასე ეხმიანება ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს, ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერას და გმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას.

7 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში სამინისტრო ასევე გმობს რუსეთის ქმედებებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „რუსეთის ეკონომიკურ, საბაჟო სოციალურ და უსაფრთხოების სფეროებში“ მოქცევისკენაა მიმართული.

ლატვიის საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის .ე.წ დამოუკიდებლობის აღიარება.

სამინისტრო ასევე გმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტების ჩაკეტვასა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვას.

უწყების განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ოკუპირებული რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან გამყოფი ხაზების სიახლოვეს „უკანონო სასაზღვრო ნიშნებისა და ღობეების“ აღმართვა „მიუღებელია“. განცხადება ასევე აკრიტიკებს „რუსეთის მხარდაჭერით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავებას“.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა და „კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის დეზინფორმაციისთვის გამოყენება“ დაუშვებელია.

ამ კონტექსტში განცხადებაში ნათქვამია, რომ პანდემიამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „აჩვენა ეს რეგიონები გლობალური პრობლემების წინაშე განსაკუთრებულად დაუცველნი არიან, რადგანაც მათ ვირუსთან საბრძოლველად შეზღუდული ფინანსური და სამედიცინო რესურსები, აგრეთვე ობიექტურ საინფორმაციო წყაროებზე ნაკლები წვდომა აქვთ“.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება „კონფლიქტის მხარეებს შორის დაძაბულბის შემცირებისთვის“ ევროკავშირის სადაკმვირვენლო მისიის მიერ გაწეულ საქმიანობას. უწყებისვე განმარტებით, ამჟამად მისიაში რვა ლატვიელის ყოფნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისადმი ლატვიის მხარდაჭერის გამოხატულებაა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button