Placeholder canvas
ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტია „მოქალაქეები“ წარადგინა 

თბილისის საკრებულოს ყოფილმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა 4 აგვისტოს ახალი პოლიტიკური პარტია „მოქალაქეები“ წარადგინა და საარჩევნო კამპანია დაიწყო.

ელისაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია, რომლის თავმჯდომარეც თავად არის, თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის 6 ნომერში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში გამართა და საზოგადოებას პოლიტიკური გუნდის ძირითადი შემადგენლობა გააცნო.

ელისაშვილის თქმით, მის გვერდით, არა „მეტენდერე ბიზნესმენები“, მომღერლები და სპორტსმენები, არამედ „სუფთა წარსულის“ მქონე, „შემართული, განათლებული და კვალიფიციური ადამიანები“ დგანან.

„გვინდა ისეთი საქართველო ავაშენოთ, სადაც თითოეული ჩვენგანი, ვიცხოვრებთ ღირსეულად“, – უთხრა ალეკო ელისაშვილმა შეკრებილებს და ამის ერთ-ერთ წინაპირობად „ხარისხიან“ განათლებაზე ხელმისაწვდომობა დაასახელა.

ახალი პოლიტიკური პარტიის რიგებში ასევე იქნებიან:

  • ლევან იოსელიანი – იგი 2019 წლის შუალედურ არჩევნებში კენჭს მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა;
  • ცირა ელისაშვილი – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი და არასამათავრობო ორგანიზაცია „თბილისის ჰამქარის ერთ-ერთი დამფუძნებელი;
  • ივანე ნორაკიძე – იურისტი. იგი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო;
  • გენრი დოლიძე – ბათუმში მცხოვრები პოეტი;
  • იოსებ კენჭაძე – იურისტი.

დღესვე, ალეკო ელისაშვილმა დაადასტურა, რომ იგი კენჭს თბილისში, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში იყრის.

ყოფილ ჟურნალისტს, ალეკო ელისაშვილს 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის აპრილამდე, პრეზიდენტის ინსტიტუტთან არსებული შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. 2014-2017 წლებში იგი თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი იყო. 2017 წელს ელისაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერად იყრიდა კენჭს და მეორე ადგილზე გავიდა. ელისაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცი „თბილისის ჰამქარის“ თანადამფუძნებელიცაა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button