skip to content
ახალი ამბები

„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილა

პირველ ივლისს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც ორგანიზაციამ საარჩევნო კანონმდებლობის, პოლიტიკური პლურალიზმისა და მედიის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება მიმოიხილა.

ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში „დაძაბული და პოლარიზებულია“.

„სამართლიანმა არჩევნების“ მიხედვით, მართალია, საარჩევნო სისტემის 120/30-ზე მოდელზე გადაყვანა სრულად არ პასუხობს საზოგადოების მოთხოვნას, იგი „არსებულ რეალობაში [მაინც] საუკეთესო გამოსავალია“. ორგანიზაციამ თქვა, რომ ცვლილება ხელს შეუწყობს პარლამენტში ამომრჩეველთა ნების უფრო პროპორციულად ასახვასა და პოლიტიკურ პლურალიზმს.

ორგანიზაციამ პანდემიით გამოწვეულ რისკებზეც გაამახვილა ყურადღება. „სამართლიანი არჩევნების“ თქმით, მნიშვნელოვანია ცესკომ COVID-19-თან დაკავშირებული ყველა რისკი გაანალიზოს და  კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ზომები მიიღოს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

რაც შეეხება მედია გარემოს, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „გაძლიერდა განცდა ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიების მიმართ ზეწოლასთან დაკავშირებით“.

„საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პრინციპულად მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა შეძლონ მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციის მიღება მედიის საშუალებით. მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლების უზრუნველყოფისთვის ეფექტიანი პოლიტიკის გატარება და მაუწყებელთა საქმიანობაში ნებისმიერი არამართლზომიერი ჩარევის აღკვეთა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

„სამართლიანი არჩევნების“ თქმით, როგორც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, სხვადასხვა პოლიტიკური მოთამაშე დისკრედიტაციის მიზნით აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას და ავრცელებს დეზინფორმაციას.

ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ფეისბუქის მიერ მთელი რიგი არაავთენტური ანგარიშებისა და გვერდების წაშლამ„მნიშვნელოვანი როლი“ ითამაშა საინფორმაციო სივრცის გაუმჯობესებაში, თუმცა „ამ ღონისძიებას დროებითი ეფექტი აქვს და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის პლატფორმის ბოროტად გამოყენება კვლავ გრძელდება“.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა  „დროულად მოხდეს საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი საკნონმდებლო ცვლილებების მიღება, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნას“.

ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება და დაწესებული რეგულაცია არსებული რისკის პროპორციული უნდა იყოს, რათა საარჩევნო უფლება გაუმართლებლად არ შეიზღუდოს.

ორგანიზაციამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც მიმართა და მოუწოდა მას, გააკონტროლოს საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯები და დაადგინოს სოციალური მედიის პლატფორმებზე საარჩევნო რეკლამისა თუ საწინააღმდეგო აგიტაციის მიზნით დახარჯული თანხების ოდენობა და წარმომავლობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button