ახალი ამბები

პოლონეთმა საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტად დაასახელა 

პოლონეთმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია განაახლა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხად დაასახელა.

„[რუსეთის] აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ, ასევე ყირიმის უკანონო ანექსიამ და მისმა [რუსეთის] ქმედებებმა აღმოსავლეთ უკრაინაში საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები დაარღვია და ევროპული უსაფრთხოების სისტემის საფუძველი შეარყია“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც 12 მაისს გამოქვეყნდა.

სტრატეგიის თანახმად, პოლონეთის ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ქმედებები, რაც საქართველოს, ასევე უკრაინისა და მოლდოვის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ პოლონეთმა ხელი უნდა შეუწყოს ამ ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებას და ჩაერთოს „მასტაბილიზირებელ ქმედებებში მის აღმოსავლეთ სამეზობლოში, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button