დაუჯგუფებელი

ევროპის მოამბე – 21 მაისი

“ევროპის მოამბე” ჩვენი გაზეთის მუდმივი რუბრიკაა, რომლის მიზანიცაა “ევროპასთან უმეშველო კავშირი” დაამყაროს ჩვენი მკითხველებისათვის. გამოდის ყოველ დღე, კვირის და უქმეების გარდა ფეისბუკის გვერდზე @EuropeHerald და ხელმომწერებისათვის.


მადლობას ვუხდით ჩეხეთის ტრანზიციის ხელშეწყობის პროგრამას ჩვენი გამოცემას დახმარებისათვის

ფრანგულ-გერმანულ ეკონომიკურ სტიმულს იწონებენ — სიმწვანეში ჩაფლული ევროპის ხატება — გერმანელმა მოსამართლეებმა მზვერავებს ალიკაპი ამოსდეს

ევროპის კორონასშემდგომი ეკონომიკური აღორძინებისათვის გერმანიისა და საფრანგეთის მიერ წარდგენილი 500-მილიარდიანი გეგმა იტალიის პრემიერსაც მოუწონებია და უთქვამს, ჩემი ნება რომ იყოს, მეტსაც გავაკეთებდიო. ავსტრია და “ხელმომჭირნე ოთხეული” კვლავაც ყოყმანობს, ფულის უფასოდ დარიგება არაა კარგი აზრიო. გერმანიის პრესა კანცლერ მერკელის ნაბიჯს მიესალმა, ჩვენი ლიდერის თამამ ნაბიჯებს შეჩვეული ვართ და გასაკვირი არაა, რომ ამ კრიზისისას გამყარებული ნდობა საერთო-ევროპული წარმატებისკენ მიმართაო. ოღონდო, აფერუმ მის ქალობას, ამ საქმეში კონსერვატორების მხარდაჭერაც რომ დაიბევა, ამას ნამდვილად არ მოველოდითო.

კერძოდ რას აპირებს ევროპა: მილიარდები დაიხარჯება “მწვანე ენერგეტიკის” წახალიზებაზე, კერძოდ წყალბადის წარმოებაზე, ელექტრო-მანქანების შეძენის წახალისებაზე, რკინიგზების მშენებლობაზე. გარემოს დაცვითი გეგმის ნაწილია მთლიანად ელექტრო-ამძრავზე მომუშავე მანქანების დამატებითი ღირებულიების გადასახადისაგან გათავისუფლება და ევროპაში 2 მილიონამდე ელექტრო-დამტენი სადგურის მშენებლობა 2025 წლისათვის. თუკი საფრანგეთია გეგმაში გარეული, არც სოფლის მეურნეობა იქნება დავიწყებული – მართლაც, 2030 წლისათვის ქიმიური სასუქების გამოყენების განახევრება იგეგმება, ხოლო სასოფლო სამეურნეო სავარგულების მეოთხედი ამ დროისათვის ორგანული გახდება.

გერმანიის საკონსტიტუციო საქართველოს დაუდგენია, რომ გერმანელი მზვერავები კანონს არღვევენ, როცა არაგერმანელ მოქალაქეებს საზღვარგარეთ უთვალთვალებენო. მოსამართლეებს უთქვამთ “მართალია ფუნდამენტური უფლებების დაცვის დონე ქვეყნის შიგნით და მის გარეთ განსხვავებულია, მაგრამ ძირითადი კანონი გლობალურ და საყოველთაო თვალთვალის ნებას არავის რთავს, მათ შორის არც სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლადო.” ამ გადაწყვეტილებით კონსტიტუციურმა სასამართლომ კარგი თავისტკივილი კი გაუჩინა გერმანელ მზვერავებს, მაგრამ ბერლინი რომ საგანგებო უფლებების გამოყენებას ფრთხილად ეკიდება, ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს…

მსგავსი/Related

Back to top button