skip to content
ახალი ამბები

„TI საქართველო“: საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესება არაკონსტიტუციურია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ (TIG) პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მთავრობას ადამიანის ზოგიერთი ძირითადი უფლებების შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

19 მაისს გავრცელებულ განცხადებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ განმარტავს, რომ „კანონის პროექტი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან“ და ის პარლამენტის საზედამხედველო როლის „იგნორირებას“ ახდენს.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში ქართული ოცნების ექვსმა დეპუტატმა 13 მაისს დაარეგისტრირა. ისინი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.

ორგანიზაციის განცხადებით, კანონპროექტი მთავრობას უფლებას აძლევს, რომ შეზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა გადაადგილების უფლება, ასევე შრომისა და ეკონომიკური საქმიანობის უფლება.

„საერთაშორიშო გამჭვირვალობაში“ განმარტავენ, რომ აღნიშნული უფლებები, ადამიანის ძირითად უფლებებია და მისი შეზღუდვა პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზეა შესაძლებელი, რასაც პარლამენტის თანხმობაც სჭირდება.

„შეზღუდვის სხვა საფუძველს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და, შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის გარეშე ამ უფლებათა შეზღუდვა არაკონსტიტუციურია“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის მიხედვით, „საკარანტინო ღონისძიებების ცნება იმდენად გაფართოებულია, რომ, ფაქტობრივად, უთანაბრდება საგანგებო მდგომარეობას“ და ადამიანის უფლებათა შეზღუდვა, „ყოველგვარი დამატებითი კონტროლისა და პროცედურების გარეშე, მთავრობის კომპეტენცია ხდება“.

„პანდემიასთან ბრძოლის მიზეზით გაუმართლებელია არაკონსტიტუცური კანონების მიღება, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიასა და მთავრობის უფლებამოსილების გაზრდის ხარჯზე აკნინებს პარლამენტის როლს“, – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“.

ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ მმართველობას მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის და საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებულ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს არაკონსტიტუციურად შეზღუდავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button