Placeholder canvas
ახალი ამბები

„საია“ ბათუმში მომხდარი „არასათანადო“ მოპყრობის ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) 2 აპრილს ბათუმში კომენდანტის საათის დროს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რა დროსაც, როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა, მას სამართალდამცველებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. „საია“ საგამოძიებო ორგანოს სამართალდამცველების ქმედებებში სავარაუდი დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიზნით, „დროული, ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი“ გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ 5 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია, რომ დაზარალებულმა, რომლის ინტერესებსაც „საია“ იცავს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს 4 აპრილს ჩვენება უკვე მისცა და სამართალდამცველების მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი ზეწოლის შესახებ დეტალურად უამბო.

კერძოდ, „საია“-ს განცხადების მიხედვით, დაზარალებული 2 აპრილს, დაახლოებით 23:45 საათზე სახლიდან აფთიაქში მედიკამენტის შესაძენად გამოვიდა და იქიდან გამომდინარე, რომ ახლოს მდებარე აფთიაქში მან სასურველი მედიკამენტი ვერ იპოვა, პოლიციისგან ქუჩის მეორე მხარეს მდებარე აფთიაქში გადასვლის ნებართვა ითხოვა, რაზეც სიტყვიერი თანხმობა მიიღო. ამის შემდეგ, მას მეორე საპატრულო ეკიპაჟი მიუახლოვდა და მას კომენდანტის საათის შესახებ შეახსენა. ამავე განცხადების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქემ მათ განუმარტა, რომ მას გადაადგილებაზე პოლიციის სიტყვიერი თანხმობა ჰქონდა, იგი მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილებაში გადაიყვანეს. , ამასთან, „პოლიციელთა მხრიდან მის მიმართ ზეწოლა მანქანაშიც გაგრძელდა“.

„საია“-ს განმარტებით, დაზარალებული განყოფილებაში ორი საათის განმავლობაში ადვოკატის გარეშე ჰყავდათ და მიუხედავად მისი მოთხოვნისა, რომ მისთვის ადვოკატთან დაკავშირების საშუალება მიეცათ, მას განუმარტეს, რომ „იყო კომენდანტის საათი და ადვოკატი ვერ მივიდოდა“. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ამის შემდეგ იგი წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს.

„მეორე დილით იგი იზოლატორიდან ისევ პოლიციის მე-2 განყოფილებაში გადაიყვანეს, [სადაც] იმავე პოლიციელთაგან ერთ-ერთმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თავის მოჭრით დაემუქრა. პოლიციის განყოფილებაში მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (173-ე) მუხლით შეუდგინეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს“, – ნათქვამია „საია“-ს განცხადებაში.

ორგანიზაციის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ იმავე დღეს, საქმე ადვოკატის მონაწილეობის გარეშე განიხილა, დაკავებული სამართალდამრღვევად ცნო და 1 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, პოლიციის თანამშრომლებმა მას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 3 000 ლარიანი ჯარიმაც შეუდგინეს.

„საია“ აღნიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობა და დაწესებული შეზღუდვები ვერ გაამართლებს პოლიციელთა მხრიდან არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ჩადენას და პირის დაცვის უფლების გარეშე დატოვებას.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ „წამება, არაადამიანური თუ ღირსების შემლახავი მოპყრობა“ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად აკრძალული ქმედებაა. „არასათანადო მოპყრობის აბსოლუტური აკრძალვა იმდენად ფუნდამენტურია, რომ მას არ გააჩნია შეზღუდვები ან რაიმე გამონაკლისები“, – დასძენენ იქვე.

„[ამავე] კონვენციის მე-15 მუხლი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს უფლებების შეზღუდვის საკითხს არეგულირებს, ცალსახად ადგენს, რომ დაუშვებელია კონვენციის მე-3 მუხლიდან გადახვევა ნებისმიერ დროს. შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის დროსაც, წამების აკრძალვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს აკისრებს ნეგატიურ ვალდებულებას – თავი შეიკავონ არასათანადო მოპყრობის ჩადენისგან და მეორეს მხრივ, პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში, სახელმწიფოს ავალდებულებს, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება“, – ხაზგასმულია ორგანიზაციის განცხადებაში.

„საია“ იმასაც განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის #204 დადგენილებით, „საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა … საადვოკატო საქმიანობისა“ და „გადაადგილების შეზღუდვა არ ვრცელდება ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ იმ პირებზე/მათ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად“.

„შესაბამისად, თუკი საგანგებო მდგომარეობის ვადით 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წესით პირის დაკავების შემთხვევაში, დაკავებული პირი საჭიროებს ადვოკატის დახმარებას, დაუშვებელია, მისთვის ადვოკატის ყოლის უფლების შეზღუდვა კომენდატი საათის მოქმედების საფუძვლით“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, „საია“ მოუწოდებს:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს:

  • დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება სამართალდამცავი პირების ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიზნით.

შინაგან საქმეთა მინისტრს:

  • გააკეთოს მკაფიო განცხადება აღნიშნულ ფაქტზე და მოუწოდოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში დასაქმებულ პირებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განუხრელად დაიცვან საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული უფლებები;
  • სამინისტროს სტრუქტურაში დასაქმებულ პირებს მიეცეთ მკაფიო მითითება,  საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის პროცესში არ იმოქმედონ ფორმალურად და გაითვალისწინონ ინდივიდუალური გარემოებები, რომლებიც შესაძლოა გამორიცხავდეს პირისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას;
  • გაატაროს პრევენციული ზომები, რათა დაკავებულ პირებს არ შეეზღუდოთ ადვოკატის ყოლის უფლება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button