ახალი ამბები

ამერიკელი გენერალი ტოდ უოლტერსი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე საუბრობს

25 თებერვალს აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალმა ტოდ უოლტერსმა, რომელიც ამჟამად ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლობის (SACEUR), ასევე ევროპაში აშშ-ის სარდლობის (USEUCOM) მეთაურია, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზეც ისაუბრა.

გამოსვლის დროს, ამერიკელმა გენერალმა აღნიშნა, რომ „რეგიონული დაძაბულობისა და მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების მანიპულირების გზით, კრემლი ყველა ხელთ არსებული ინსტრუმენტით გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე“.

„რუსეთი ინარჩუნებს ბერკეტს საქართველოზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გზით, მათ შორის, მცდელობებით, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლები შეცვალოს, ჩაერიოს ადამიანებისა და საქონლის გადაადგილებაში საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე და გაართულოს საქართველოს მისწრაფებები ნატოში გაწევრიანებისკენ“, – განაცხადა მან.

გენერალ უოლტერსის თქმით, რუსეთი თავისი მარიონეტებისა და დამხმარე ძალების მეშვეობით ცდილობს, რომ შეასუსტოს, დაყოს და დააშინოს აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორები და ამისთვის ფარულ და მავნებლურ ქმედებებს მიმართავს.

საქართველოზე, როგორც „მტკიცე პარტნიორსა და გლობალურ უსაფრთხოებაში კონტრიბუტორზე“ საუბრისას, ამერიკელმა გენერალმა განაცხადა, რომ ქვეყანა ნატოს არაწევრი უმსხვილესი კონტრიბუტორია ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და რომ 870 ქართველი სამხედროს მონაწილეობა აშშ-ის ოპერაციებში აშშ-სა და საქართველოს შორის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის ნიშანია.

გენერალმა უოლტერსმა განაცხადა, რომ USEUCOM ეხმარება ქართულ შეიარაღებულ ძალებს ამ მისიისთვის მომზადებაში, მტკიცე მხარდაჭერის მისიისათვის მოსამზადებელი პროგრამის მეშვეობით. მან იქვე დასძინა, რომ აშშ კვლავაც უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი შესაძლებლობების გაუმჯობესებით, რათა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მეშვეობით ქვეყანას მაღალი შესაძლებლობების მქონე თავდაცვის ძალები ჰყავდეს.

ამერიკელმა გენერალმა ასევე აღნიშნა, რომ USEUCOM-ის ძლიერი სამხედრო ურთიერთობები თავდაცვის სფეროს ევროპელ, მათ შორის, ქართველ კოლეგებთან, ამ ურთიერთობების მიმართ აშშ-ის ერთგულების ნიშანია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button