skip to content
ევროპამათი თვალით

შპეკის კუთხე: შეუძლია კი პარიზის შეხვედრას უკრაინის პრობლემის გადაწყვეტა?


ულრიხ შპეკი

ულრიხ შპეკი

დოქტორი ულრიხ შპეკი გერმანიის საგარეო პოლიტიკას უკვე ოცი წელია უკირკიტებს, ის სხვადასხვა დროს მუშაობდა რადიო თავისუფლებაში პრაღაში, კარნეგის ევროპულ ოფისში ბრუსელში, გერმანიის მარშალის ფონდში ბერლინში, ტრანსატლანტიკურ აკადემიაში ვაშინგტონში.

საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერები 9 დეკემბერს პარიზში შეიკრიბებიან და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გადაჭრისაკენ შეეცდებიან ნაბიჯების გადადგმას. როგორია ლიდერების პოზიციები და რა შედეგებია მოსალოდნელი?

რუსეთ-უკრაინას შორის შეარაღებულმა კონფლიქტმა 2014 წლიდან მოყოლებული 13 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მინსკის შეთანხმებამ, რომელიც პუტინს, უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტ პოროშენკოს, მერკელსა და საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ოლანდს შორის 2015 წლის ნოემბერში დაიდო, დონბასში რუსეთის მიერ მართული სეპარატისტების წინსვლა შეაჩერა, მაგრამ დადების დღიდან მოყოლებული, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მხარეებს შორის შეხების ხაზზე თითქმის ყოველდღე უხეშად ირღვევა.

საფრანგეთის ახლანდელი პრეზიდენტი მაკრონი გაზაფხულიდან ცდილობს იმავე, „ნორმანდიის ფორმატში“ შეკრიბოს კოლეგები და მომავალ შეხვედრას სწორედ რუსეთსა და ევროპას შორის დაძაბულობის შენელების კონტექსტში ხედავს.

რა ფსონებია?

მოლაპარაკებები მინსკის შეთანხმების ტექნიკურ დეტალებზე იქნება და ყველა მხარე თავის ტაქტიკურ პოზიციას აირჩევს, მაგრამ ამ თამაშებს მიღმა მთავარი ფსონი უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაა.

უფრო ზოგადად კი – 1989 წლის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში ჩამოყალიბებული წესრიგის მომავალი.  

აღიარებს კი ბოლოსდაბოლოს მოსკოვი, რომ უკრაინა სუვერენულ, მასთან თანაბარი უფლებების მქონე ქვეყანად იქცა? თუ შეეცდება მოლაპარაკება უკრაინის კიდევ უფრო დასასუსტებლად გამოიყენოს?

დაიცავს კი დასავლეთი რეგიონში პოსტ-იმპერიულ წესრიგს, რაც სუვერენული ერი-სახელმწიფოების თანაცხოვრებას ემყარება? თუ დაასკვნის, რომ ძლიერი სახელმწიფოების ქიშპობის ახალი ერა იწყება და რუსეთს თავისი გავლენისა და კონტროლის სფეროს მიუზომავს?

მოხერხდება კი მერკელისა და ობამას მიერ რუსეთის მიმართ 2014-15 წლებში შემუშავებული პოლიტიკის – სანქციები, დიპლომატია, უკრაინის მხარდაჭერა – შენარჩუნება, თუ მაკრონისა და ტრამპის მხარდაჭერას მოკლებული ეს ფორმულა საბოლოოდ ჩამოიშლება?

ლიდერების პოზიციები

მაკრონი: საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსი კოლეგა საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის წინ დაპატიჟა და უკრაინის შესახებ ახალი შეხვედრის დანიშვნა სწორედ შვიდეულის შემდეგ გამოაცხადა. ამის შემდეგაც, მაკრონი პუტინს ტელეფონით რამდენჯერმე ესაუბრა.

მაკრონისათვის უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი წინაღობაა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების გზაზე, რაც მისი საგარეო-პოლიტიკური დღის წესრიგის საკვანძო ელემენტი გახდა. სწორედ ამიტომ ეშურება იგი „ნორმანდიის ფორმატის“ სამიტის გამართვას.

რუსეთთან მომავალი ურთიერთობის საკუთარი ხედვა მაკრონმა საფრანგეთის ელჩებისადმი მიმართვაში ჩამოაყალიბა, გასულ აგვისტოს.

სწორედ ამ გამოსვლაში მაკრონმა თქვა, ევროპის მომავალი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას უკავშირდებაო: „თუკი რუსეთთან რაიმე გამოსადეგს არ მივაღწევთ, სრულიად უსარგებლო დაძაბულობის ვითარებაში დავრჩებით. ჩვენ მთელ ევროპაში კონფლიქტებში აღმოვჩნდებით გაჭედილნი. ევროპა აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული ბრძოლის თეატრად გადაიქცევა, მით უფრო, რომ ცივი ომის შედეგები ჩვენს მიწაზე კიდევ ნათლადა ჩანს. [ამგვარ ვითარებაში] ჩვენ ვერ ჩავუყრით საფუძველს ევროპულის ცივილიზაციის ხელახალ ჩამოყალიბებას, რომელზეც აქამდე ვისაუბრე“.

მაკრონის იდეაა რუსეთთან ერთად „ახალი არქიტექტურის მშენებლობა“ რომელიც „ევროპაში ურთიერთნდობასა და უსაფრთხოებას დაეფუძნება, რადგან ევროპული კონტინენტი ვერასოდეს იქნება სტაბულური ან უსაფრთხო თუკი რუსეთთან ურთიერთობებს არ გავაუმჯობესებთ“.

მაკრონის ხედვით, ევროპელების დაძაბულობა რუსეთთან იმიტომ კი არ წარმოიშვა, რომ ინტერესებია განსხვავებული, და არც იმიტომ, რომ რუსეთი ავტოკრატიულ ქვეყანად იქცა რევიზიონისტული ტენდენციებით.

არა, ეს დაძაბულობა იმის ბრალია, რომ ევროპამ ამერიკის „ტროას ცხენის“ როლი მოირგო: „ყოველივე ეს 1990-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში მოხდა, ჩვენს შორის გაუგებრობების მთელი სერია, როცა ევროპამ საკუთარი სტრატეგია ვერ ჩამოაყალიბა და [რუსეთში] შექმნა შთაბეჭდილება, რომ ის დასავლეთის „ტროას ცხენად“ იქცა, რომლის მთავარი მიზანიც რუსეთის დანგრევა იყო.“

საფრანგეთის პრეზიდენტს დაძაბულობის გადალახვა და „ერთიანი არქიტექტურის“ მშენებლობისკენ მოძრაობა სურს, რისი „ერთ-ერთი გადამწყვეტი ელემენტია… შევძლებთ თუ არა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში წინსვლის მიღწევას.“

შესაბამისად, რუსეთთან დაახლოება მაკრონის დღის წესრიგში ფრიად მაღალ ადგილზეა და არსებობს სერიოზული რისკი, რომ ის მიდრეკილი იქნება უკრაინას რუსეთის სურვილების გაითვალისწინება აიძულოს.

მეორეს მხრივ, მაკრონი ალბათ ღელავს, რომ ასეთი მოქცევა ლიბერალი, პროგრესული ლიდერის სახელს შეულახავს.

მთავარია, რომ მაკრონი პარიზის შეხვედაზე რაიმე შედეგის მიღწევას ეშურება, რადგანაც ამ საქმეში თავისი პოლიტიკური კაპიტალი დააბანდა და მოლოდინებიც გაზარდა. ახლა ყველა მას მისჩერებია და შედეგს მოელის.

რადგან მისი ხედვით, უკრაინა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მარშრუტზე მხოლოდ პირველი გაჩერებაა, პირველივე ეტაპზე ჩაფლავება მას ძალიან არ სურს.

ზელენსკი: უკრაინის გამოუცდელი ლიდერი ერთსა და იმავე დროს ძლიერ და სუსტ პოზიციაშია. ძლიერში იმიტომ, რომ მისი თანხმობის გარეშე ვერანაირი შედეგი ვერ მიიღწევა – ანუ მას ვეტოს უფლება აქვს. ზელენსკის ზურგს ისიც უმაგრებს, რომ სახლში საკმაოდ პოპულარულია.

ზელენსკი სუსტ პოზიციაში იმიტომაა, რომ რუსეთთან მშვიდობის მიღწევა მისი საპრეზიდენტო კამპანიის საკვანძო ელემენტად აქცია. მაკრონის არ იყოს, შეხვედრიდან ხელცარიელი ვერც ის წამოვა.

კიდევ ერთი სისუსტე ისაა, რომ უკრაინაა ზოგადად სუსტი – დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ის რუსეთის გაძლიერებულ ზეწოლას ვერ გაუმკლავდება. არადა, უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის დონე დღეისათვის ბუნდოვანია – უკანასკნელ წლებში ამ დონემ ნამდვილად იკლო.

პუტინი: პუტინის მიზანი უცვლელია, მას უკრაინის რუსეთის გავლენის სფეროში მობრუნება სურს – იქ, ჰობსის ხედვის თანახმად, მისი, როგორც რუსეთის პატარა და სუსტი მეზობლის ლოგიკური ნავთსაყუდელია.

როგორც გავლენიანმა „კრიზისების საერთაშორისო ჯგუფმა“ დაწერა: რუსეთს „სურს პრო-დასავლური ხელმძღვანელების ხელში უკრაინა არასტაბილური დარჩეს, დაუსრულებელ და ძვირ სამხედრო დაპირისპირებაში იყოს ჩართული მანამ, სანამ იძულებული არ გახდება, რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნდეს.“

უკრაინის დამოუკიდებლობის საწინააღმდეგოდ პუტინს მხოლოდ იმპერიული სულისკვეთება როდი აღძრავს. რუსეთის ავტოკრატიული ელიტა შიშობს, რომ უკრაინის წარმატების მაგალითი მათ საკუთარ სახელმწიფოში გამოუთხრის ძირს.

ასე რომ, სულ მცირე, პუტინს უკრაინაში შიდა არეულობა სურს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი – კიევში დამჯერი მთავრობის დასმა.

მაკრონისა და ზელენსკისაგან განსხვავებით, პუტინს არსად ეჩქარება – არსებული ვითარება მას მშვენივრად აწყობს – და თანაც, მომგებიან პოზიციაშია, რადგან ტრამპიც და მაკრონიც მასთან კარგი ურთიერთობების დამყარებას ცდილობენ.

მერკელი: ბევრად უფრო სუსტ ვითარებაშია, ვიდრე 2015 წელს, როცა პრეზიდენტები ობამა და ოლანდი მტკიცედ უდგნენ გვერდში. თუმცაღა გერმანიის კანცლერი უკრაინის ინტერესების საწინააღმდეგო კომპრომისზე შეთანხმებას იოლად არავის შეარჩენს.

უკანასკნელ წლებში მერკელი მუდმივად უჭერს უკრაინას მხარს. მან რუსეთის წინააღმდეგ ხისტი სანქციების გათრევა საშინაო და საერთაშორისო წინააღმდეგობისდა მიუხედავად მოახერხა.

კანცლერის კიდევ ერთი უპირატესობაა, რომ პუტინთან დონბასის თემატიკაზე ბევრჯერ უსაუბრია და უკრაინის დოსიეს – და რუსეთის ხრიკებს – მშვენივრად იცნობს.

თუმცა მერკელი მაინც წარმავალი კანცლერია – მისი საარჩევნო ვადა სრულდება და ეს მის პოზიციას ასუსტებს. კიდევ უარესი ისაა, რომ მან გერმანიის საგარეო პოლიტიკისა და უკრაინის სავალალოდ საკვანძო აქტივი – აშშ პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობა დაკარგა. ჯორჯ ბუშ უმცროსთან და ბარაქ ობამასთან მერკელს ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ტრამპთან კი – თითქმის არანაირი.

საქმეს ისიც ართულებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ბოლო მოუღო ბერლინსა და პარიზს შორის საგარეოპოლიტიკური საქმის არაოფიციალურ გადანაწილებას, რომლის თანახმადაც პარიზი სამხრეთზე იყო პასუხისმგებელი გერმანიის მხარდაჭერით (მაგ. მალიში), ხოლო გერმანია აღმოსავლეთზე, საფრანგეთის მხარდაჭერით (მაგ. უკრაინაში).

მერკელი პარიზში პუტინის წინააღმდეგ მისაწოლად ჩავა და, თუ საჭირო შეიქნა, მაკრონის წინააღმდეგაც წავა. რაც არ ვიცით – რამდენად მოეხალისება მერკელს ამ ბრძოლაში გადაშვება, რა კარტები აქვს ხელზე და როგორი კოზირების ჩამოსვლის სურვილი ექნება.

სპილო ოთახში: პარიზის შეხვედრას ერთი დიდი მოთამაშე, დონალდ ტრამპი არ ესწრება. ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მომავლისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცაღა, ამ ბოლო დროს, უკრაინის თემა აშშ-ს შიდა პოლიტიკის მძევლად იქცა….

პირველწყარო
Briefing: Will the Paris meeting resolve the Ukraine conflict?

მსგავსი/Related

Back to top button