Placeholder canvas
ახალი ამბები

ოპოზიცია პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავს

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, 25 ნოემბერს საღამოს 7 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც პარლამენტის შენობის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

დღის განმავლობაში, პოლიციამ რამდენჯერმე აღკვეთა რუსთაველის გამზირზე აქციის ორგანიზატორების მხრიდან კასრების, შეშისა და სხვა ნივთების შეტანის მცდელობა, ამის მიუხედავად, მომიტინგეებმა საღამოს 10 საათისთვის პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის, რუსთაველის გამზირზე, კარვების გაშლა მოახერხეს.

დემონსტრანტები პარლამენტის შენობასთან ღამის გათენებას გეგმავენ, რათა ქართული ოცნების დეპუტატებს 26 ნოემბერს დანიშნული პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცენ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა პროპორციული საარჩევნო სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.

14 ნოემბერს ქართული ოცნების მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდებას სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების პროტესტი მოჰყვა.

ისინი, 14 ნოემბრიდან მოყოლებული, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს მართავენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ითხოვენ.

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტთან  მასშტაბური აქცია ერთი კვირის წინაც გამართეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button