Placeholder canvas
ახალი ამბები

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მედლინ მუნი, რომელიც 12-13 სექტემბერს საქართველოს სტუმრობს, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, თალაკვაძემ განაცხადა, რომ „საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში, რომ გაწევრიანდეს ნატოში“.

„გვეამაყება, რომ ქართველი ჯარისკაცები ნატოს ჯარისკაცებთან ერთად მსოფლიოს ყველაზე რთულ ადგილებში იცავენ თავისუფლებას და იცავენ ღირებულებებს, რომელიც გვაერთიანებს“, – განაცხადა თალაკვაძემ. მისი თქმით, საქართველო არის და მომავალშიც იქნება ნატოს და დასავლური ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირე და პარტნიორი.

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მშვიდობიანი, დემოკრატიული გაძლიერების, ჩვენი საჯარო სამსახურის განვითარების, მოქალაქეებთან დემოკრატიულ ფორმატებში საუბრის გზით, მომავალში აუცილებლად შევქმნით მომენტს, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, მოხდება დეოკუპაცია და ეს დიდი გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, გადაიჭრება. შესაძლოა ეს არის რთული გზა, რომელსაც სჭირდება დიდი მოთმინება და ბევრი შრომა, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ 12 სექტემბერს მმართველი პარტიის და ოპოზიციის დეპუტატებთან გამართა შეხვედრები. ასევე გაიმართა ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისი საბჭოს სხდომა. დღეს კი დელეგაცია ცხინვალის რეგიონის მახლობლად, გორის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ დიდ ხურვალეთს ესტუმრება.

გუშინ, მედლინ მუნი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა. დღეს დაგეგმილია მისი შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button