ახალი ამბები

დაზვერვის სამსახურის უფროსად ლევან იზორია დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დაზვერვის სამსახურის უფროსად თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე დავით სუჯაშვილი შეცვალა. დაზვერვის სამსახურის ყოფილი და ახალი ხელმძღვანელები დღეს შეხვდნენ ერთმანეთს.

თავად დავით სუჯაშვილი თავდაცვის ახალი მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილედ დაინიშნა. ღარიბაშვილის კიდევ ერთ მოადგილედ რატი ბრეგაძე დაინიშნა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

მთავრობაში ცვლილებები გასულ კვირას, მმართველი გუნდის, ქართული ოცნების მიერ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დასახელების შემდეგ განხორციელდა. გიორგი გახარიამ წარდგენის დროს განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გახდებოდა, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტს, პარტიის პოლიტიკური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებდა.

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ კანონის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს ეკისრება, რომელთა შორისაც დაზვერვის სამსახურის უფროსიცაა. უსაფრთხოების საბჭო მუდმივ წევრები ასევე არიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.

პარლამენტმა განახლებულ მთავრობას ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button