ახალი ამბები

თბილისი სოჭში პუტინისა და ხაჯიმბას შეხვედრას გმობს

Tags

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და აფხაზეთის „საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის“ რაულ ხაჯიმბას შეხვედრას გმობს და მას „საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციისა“ და ოკუპირებულ რეგიონებზე საკუთარი კონტროლის დაკანონების „მორიგ უკანონო მცდელობად“ აფასებს.

საგარეო უწყების მიერ 7 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ეს ქმედება საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს „უხეშად უგულებელყოფს“.

სამინისტროში განმარტავენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა „ურყევად“ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკას და „რუსეთის მცდელობების მიუხედავად, საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციას არასდროს შეეგუება“.

პუტინი-ხაჯიმბას შეხვედრას დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც გამოეხმაურა და განმარტა, რომ შეხვედრა ერთგვარი „ფიგურალური სვლა იყო, რითაც რუსეთი მისი „ძალისმიერი“ პოლიტიკისა და „ცალმხრივი აღიარების ლეგიტიმაციას ცდილობს“, რომელმაც „საერთაშორისო თანამეგობრობაში მხარდაჭერა ვერ ჰპოვა“.

„ნებისმიერი ასეთი შეხვედრა, ბუნებრივია, კიდევ უფრო უწყობს ხელს რუსეთის გავლენის განმტკიცებას. კიდევ უფრო მეტი წინაპირობა და პირობა არის დაყენებული რუსეთის მხრიდან და მეტი ზეგავლენა და კონტროლი მყარდება მთლიანად ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც, რა თქმა უნდა, მძიმე რეალობაა“, აცხადებს იგი.

ვლადიმირ პუტინი და რაულ ხაჯიმბა ერთმანეთს 6 აგვისტოს სოჭში შეხვდნენ. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა და მისი გაფართოების პერსპექტივები განიხილეს.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button