Placeholder canvas
ახალი ამბები

პრეზიდენტმა ახალქალაქში ქართული ენის ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 13-14 აპრილს, სამცხე-ჯავახეთს სტუმრობდა, სადაც ის ადგილობრივ მოსახლეობას და მეწარმეებს შეხვდა. 14 აპრილს, მან ახალქალაქში დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაენა „მთავარი კარია სახელმწიფოს გაძლიერების, კულტურის, ურთიერთობებისა და პატივისცემის“.

პრეზიდენტმა რეგიონში სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ „ქართული ენის ცოდნით შეიარაღებულ მოქალაქეებს შეუძლიათ აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის ცხოვრებაში და მონაწილეობდნენ გადაწყვეტილებების მიღებაში“. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა ადგილობრივებს ქართული ენის შესწავლისკენ მოუწოდა.

„დიდი სურვილი მაქვს, რომ თქვენ და თქვენი შვილები გახდეთ საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები, ამიტომ არის, რომ მე ძალიან ბევრი გავაკეთე იმისათვის, რომ ორმაგი მოქალაქეობის მიღება შესაძლებელი ყოფილიყო ყველასათვის… დღეს, უკვე ყველას აქვს უფლება დაიბრუნოს, აღადგინოს საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ამისათვის საჭიროა, თქვენც გადადგან ერთი ნაბიჯი, ისწავლოთ სახელმწიფო ენა, რაც იმის ნიშანი იქნება, რომ გინდათ ამ ქვეყნის მოქალაქეობა“, – მიმართა მან ადგილობრივებს.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში 160 504 ადამიანი ცხოვრობს, მათგან 81 089 ეთნიკურად სომეხი, ხოლო 77 498 ეთნიკურად ქართველი.

პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო არაფერს დაიშურებს იმისთვის, რომ ქართული ენა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. ამ კონტექსტში მან ყურადღება რეგიონში ქართულენოვანი ბაგა-ბაღების არსებობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მე დღეს, ახალქალაქიდან ხმამაღლა უნდა ვთქვა – აუცილებელია, რომ უახლოეს მომავალში ახალქალაქში გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა-ბაღი“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთს, წინასაარჩევნოდ რეგიონებში ვიზიტების შესახებ მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირების ფარგლებში ესტუმრა. სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს, იმერეთსა და ქვემო ქართლს უკვე ეწვია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button