ახალი ამბები

საგარეო უწყება: ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის დარღვევაა

ყირიმის ნახევარკუნძულისა და ქალაქ სევასტოპოლის „უკანონო ოკუპაცია და ანექსია“ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების „უხეში დარღვევით“ განხორციელდა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 მარტს, ყირიმის ანექსიის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ოკუპაციას და ანექსიას და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას, რაც ჩვენ ქვეყანას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე და უპირობო მხარდაჭერა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ოკუპაციისა და ანექსიის ეს პრაქტიკა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას, მშვიდობასა და სტაბილურობას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

„დღეს, როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე, კონსოლიდირებული პოზიცია, რათა თავიდან ავიცილოთ შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაცია, წინ აღვუდგეთ სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებით შევძლოთ ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – აცხადებენ სამინისტროში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button