არჩევნები 2018ახალი ამბები

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა არჩევანი გააკეთეს

დღეს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება და მოსახლეობა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. ერთმანეთს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უპირისპირდებიან. პირველმა მათგანმა არჩევნების პირველ ტურში ხმების 38.64 % მიიღო, მეორემ კი – 37.74.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, მათ შორის, დავით ბაქრაძემაც, რომელიც არჩევნების პირველ ტურში ევროპული საქართველოს სახელით მონაწილეობდა, ამომრჩევლის ხმების 10.97 % მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა.

ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ მათ მიერ მედიისთვის გაკეთებულ კომენტარებს:

დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო: „ხმა მივეცი, პირველ რიგში, ცვლილებებს იმიტომ, რომ არჩევნების პირველ ტურში ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ხალხს სჭირდება ცვლილებები. საზოგადოებას აღარ უნდა დღევანდელი ცხოვრება. როდესაც გარშემო არის უამრავი პრობლემა და არ არსებობს ამ პრობლემის მომგვარებელი. ამიტომ პირველი ტურის მთავარი შედეგი და დასკვნა გახლავთ სწორედ ის, რომ საზოგადოება და ქვეყანა არჩევნებიდან ელოდება ცვლილებებს, ელოდება წინსვლას, ელოდება უკეთესობას. სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ მეორე ტურში ბოლომდე მივიყვანოთ საზოგადოების ეს განწყობა და სწორედ აქედან გამომდინარეობდა ჩემი არჩევანიც, მხარი დავუჭირე ცვლილებებს, მხარი დავუჭირე ქვეყნის წინსვლას და ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების უკეთეს მომავალს. გაყალბების საუკეთესო წამალი გახლავთ ხალხის მოსვლა არჩევნებზე და მათი პოზიციის დაფიქსირება, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი მოვა, იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი გააკეთებს არჩევანს, თუ როგორი უნდა იყოს მათი, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე“.

გიგა ბოკერია ევროპული საქართველო: „დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დღეს არ წყდება უბრალოდ მისი ბედი, ვინ გახდება პერსონალურად პრეზიდენტი, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. დღეს, ჩვენ უნდა დავასრულოთ არათუ ერთპარტიული, არამედ ერთი პიროვნების ოლიგარქის მართველობა ქვეყანაში, აბსოლუტური მმართველობა. დღეს არ უნდა დაუშვათ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს პირი, რომლის შეხედულებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და მომავალს. დღეს არ უნდა დავუშვათ ის, რომ ასე ცინიკურად, უტიფრად შეეძლოს ამ ერთ კაცს, ოლიგარქ ივანიშვილს და მის გუნდს თქმა, რომ როგორც ჩვენ გვინდა, ისე იქნება ხალხის და მოქალაქეეების ნების საწინააღმდგოდ და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი მომავლისთვის. ეს არის დასაწყისი, მაგრამ ნიშვნელოვანი დასაწყისი და ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ მოვიდეს არჩევნებზე“.

გიორგი ვაშაძე – ძალა ერთობაში: „მე ვფიქრობ, რომ საქართველომ დღეს უნდა აირჩიოს მართლაც სრულიად ახალი მომავალი. უნდა დავიწყოთ ახალი ფურცლიდან განვითარება, უნდა დავიწყოთ ის, რომ ხელისუფლება ზრუნავდეს ხალხზე და არ იყოს ის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში. რაც შეეხება თვითონ საარჩევნო მდგომარეობას, პირველიდან მეორე ტურამდე რაც ვიხილეთ ამ საარჩვენო პერიოდში, ეს, ალბათ, მსოფლიო სახელმძღვანელოებში შევა წინასაარჩევნო პროცესის აი ასეთი უდიერად მოპყრობა კანონთან, ყველაფრის დარღვევა აბსოლუტურად, რაც ვიხილეთ ჩვენი ოპონენტებისგან, მაგრამ ჩვენ მშვიდად, წყნარად მივედით მეორე ტურამდე. მე მთავარი, რასაც მოვუწოდებ ახლა თითოეულ ამომრჩეველს, მოდით საარჩევნო უბნებზე, მიიღეთ მონაწილეობა. იმიტომ, რომ თქვენი ბიულეტენი წყვეტს, როგორ საქართველოში ვიცხოვრებთ. ეს უნდა გვახსოვდეს აბსოლუტურად ყველას და მე იმედი მაქვს, რომ ყველანი მოხვალთ და მაქსიმალურად მიიღებთ მონაწილეობას“.

ნიკა მელია – ნაციონალური მოძრაობა: „უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნებია ღირსების თვალსაზრისით…შეუძლებელია ქვეყანას უმაღლეს მთავარსარდლად ჰყავდეს ის ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ ომი მტერ სახელმწიფოსთან დაიწყო მისმა სამშობლომ, მისმა ქვეყანამ. აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნებია ღირსების თავლსაზრისით, ჩვენი მომავლის თვალსაზრისით…დღეს ეს არჩევნები არ არის უბრალო არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი. ჩემთვის მაგალითად, ეს არ არის არჩევნები, სადაც უბრალოდ რომელიღაც კანდიდატს ვირჩევთ – ან რუსეთის ფედერაცია და მის მიერ მორჩილი კანდიდატი, ან ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი. შესაბამისად, ეს არის რეფერენდუმი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button