არჩევნები 2018ახალი ამბები

არასამთავრობოები: არჩევნებმა „მნიშვნელოვანი დარღვევების“ გარეშე ჩაიარა

Tags

სამართლიანი არჩევნები: არჩევნებმა სხვადასხვა პროცედურული დარღვევების ფონზე, თუმცა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED)დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა.

ორგანიზაციის განმარტებით, კენჭისყრის დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა, რის შედეგადაც მან 61 საუბნო და 62 საჩივარო საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა. ეს დარღვევებია: დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, მარკირების პროცედურის დარღვევა, ბიულეტენებთან დაკავშირებული პროცედურების დარღვევები, არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნის ცალკეული შემთხვევები, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის შემთხვევები, ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული ხარვეზები, სხვის ნაცვლად ხმის მიცემა, აგიტაცია საარჩევნო უბანზე და სხვა დარღვევები.

„სამართლიანმა არჩევნების“ განცხადებით, ამ არჩევნების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ის იყო, რომ პარტიული აქტივისტები ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი უბნებზე და ამომრჩევლებს საკუთარ მხარდამჭერთა სიებს ადარებდნენ, რაც „შესაძლოა ნეგატიურ გავლენას ახდენდეს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე და ამომრჩევლის მიერ აღქმული იქნას, როგორც მათზე განხორციელებული ირიბი ზეწოლა“. ორგანიზაციის განმარტებით, ამ პრაქტიკას ქართული ოცნება ფართოდ იყენებდა, თუმცა რამდენიმე ოლქში მსგავსი ქმედებები ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლების მხრიდანაც დაფიქსირდა.

„სამართლიან არჩევნებს“ ქვეყნის მასშტაბით 800 დამკვირვებელი ჰყავს, რომლებიც 73 საოლქო კომისიაში და 78 მობილურ ჯგუფში არიან მივლინებულნი. ორგანიზაციის 15 ოპერატორი და 10 იურისტი პოტენციურ დარღვევებს და ინციდენტებს აანალიზებს და აგვარებს. „სამართლიანი არჩევნები“ ცესკოს შედეგების გადამოწმების გზით, ხმების პარალელურ დათვლასაც ახორციელებს.

საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია (GYLA): მთლიანობაში კენჭისყრის პროცესმა ჩაიარა მშვიდად, დარღვევებს კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ მოუხდენია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, მთლიანობაში კენჭისყრის პროცესმა მშვიდად ჩაიარა და „ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, კენჭისყრის დროს (08:00-20:00 სთ) იდენტიფიცირებულ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა კენჭისყრის პროცესზე არ მოუხდენია“.

ორგანიზაციის განმარტებით, მთელი დღის განმავლობაში, მაღალი იყო ამომრჩევლის მობილიზებისა და მისი ნების სავარაუდო კონტროლის ფაქტები. „წინა არჩევნებისგან განსხვავებით, 2018 წლის არჩევნებზე გარდა კოორდინატორების მიერ ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლისა, პროცესს დაემატა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბიდან სატელეფონო ზარებით ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლის ტენდენცია“, – განაცხადა საიამ.

ორგანიზაციის შეფასებით, დაფიქსირდა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვის სავარუდო ფაქტი, რომელიც სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მაგალითად, საარჩევნო ბიულეტენის უბნიდან გატანა.

საიას განცხადებით, ასევე გამოიკვეთა ისეთი პროცედურული დარღვევებიც, როგორიცაა ვადაგასული პირადობით ხმის მიცემის ფაქტები, ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები, მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები და აგიტაცია საარჩევნო უბანზე. საიამ 94 საჩივარი წარადგინა, მათგან 52 საუბნო, ხოლო 42 საოლქო კომისიაში.

საიას 400 დამკვირვებელი ჰყავს თბილისში და ცხრა საქართველოს რაიონებში. სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 250-მდე საარჩევნო უბანში. ორგანიზაციას 50 მობილური ჯგუფი და 59 ოლქის დამკვირვებელი ჰყავს.

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI): რამდენიმე სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა.

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს განაცხადებით, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას, 90-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა, რაზეც ორგანიზაციამ ცხრა საჩივარი შეიტანა.
ყველაზე სერიოზულ დარღვევებს შორის ორგანიზაციამ ამომრჩეველთა აქტიური მობილიზაცია და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა დაასახელა. ამას გარდა, TI-ის განმარტებით, 3 ოლქის 6 უბანზე ამომრჩეველთა მოსყიდვის შესაძლო ფაქტებს ჰქონდა ადგილი.

ზუგდიდში საარჩევნო ადმინისტრაციის წევრმა საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი ჩაყარეს. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლების არშეშვების, სხვადასხვა საარჩევნო პროცედურების დარღვევის შემთხვევებიც დააფიქსირეს.

საერთაშორისო გამჭირვალობას 350 დამკვირვებელი ჰყავს, მათგან 300 საუბნო, ხოლო 45 მობილურ ჯგუფშია განთავსებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button