ახალი ამბები

ოკუპირებული რეგიონებიდან წელს უნივერსიტეტებში 146 ქართველი აბიტურიენტი ჩაირიცხა

Tags

თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ უნივერსიტეტებში 2018 წელს ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 146 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ამის შესახებ რეგიონების დევნილობაში მყოფი მთავრობები იტყობინებიან.

ჩარიცხული სტუდენტებიდან, 138 გალის, რვა კი – ახალგორის რაიონიდანაა. გალისა და ახალგორის რაიონები ძირითადად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული.

აფხაზეთის დევნილობაში მყოფი განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში გალიდან 260-მა აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა. 2017 წელს ეს რიცხვი 250 იყო, საიდანაც 120 ჩაირიცხა.

ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის განათლების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წელს ახალგორში სკოლა სულ 21 მოსწავლემ დაამთავრა, შარშან კი 18-მა. 2017 წელს უნივერსიტეტში 5 მათგანი ჩაირიცხა.

სტუდენტების დაფინანსება

ოკუპირებული რეგიონებიდან სტუდენტები სწავლის გადასახადისგან თავისუფლდებიან. საქართველოს მთავრობის სოციალური პროგრამის ფარგლებში, განათლების სამინისტრო მათ 4 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, 2 250 ლარის ოდენობის თანხას უხდის (სახელმწიფო უნივერსიტეტების წლიური გადასახადი).

პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს, დაფინანსება გალიდან 116 სტუდენტმა, ახალგორიდან კი, ხუთმა სტუდენტმა მიიღო. წლევანდელი დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

დაფინანსება იმ სტუდენტებისთვისაც არის ხელმისაწვდომი, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარე სკოლებში სწავლობდნენ. ესენია: თიღვის, ერედვის, ქურთისა და პერევის თემში შემავალი სოფლები, ასევე აჟარის მუნიციპალიტეტი აფხაზეთში. ამ ტერიტორიების მკვიდრებს საცხოვრებელი ადგილების დატოვება 2008 წლის ომის შედეგად მოუწიათ.

  • გალის რაიონში დაახლოებით 40 000 ეთნიკური ქართველი ცხოვრობს და ისინი რაიონის თითქმის მთლიან მოსახლეობას შეადგენენ.
  • ახალგორში დაახლოებით 2 500 ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. ეს რიცხვი რაიონის მთლიანი მოსახლეობის 55.5%-ია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button