არჩევნები 2018ახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნები 2018: ყოველკვირეული მიმოხილვა N 4

Tags

2018 წლის 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით Civil.ge ყოველკვირეული მიმოხილვების გამოქვეყნებას აგრძელებს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატების საქმიანობის, საარჩევნო პროცედურებისა და საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

მიმოხილვის ამ გამოცემაში გასული კვირის (1-7 ოქტომბრის) განმავლობაში განვითარებულ მნიშვნელოვან საარჩევნო მოვლენებს გაგაცნობთ.

  • ცენტრალური საარჩევნო კომისია

1 ოქტომბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი, რომელიც ხელმომწერ სუბიექტებს შორის პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვის შესახებ შეთანხმებას გულისხმობს. დოკუმენტის საფუძველზე, ხელმომწერები თანხმდებიან, რომ დაიცავენ კანონის უზენაესობას, იქნებიან მიუკერძოებლები და ობიექტურები და საარჩევნო პროცესში საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით იხელმძღვანელებენ.

არჩევნების წინ საპრეზიდენტო კანდიდატები ეთიკის პრინციპებზე შეთანხმდნენ. შეთანხმების პროცესს ფასილიტაცია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით გაუწია.

დოკუმენტზე ხელმომწერი კანდიდატები თანხმდებიან, რომ დაიცავენ საზოგადოების ინტერესებს და საქართველოს კანონმდებლობას, საქმიანობას აწარმოებენ ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე, არ გამოიყენებენ სიძულვილის ენას, ქსენოფობიურ ან მუქარის შემცველ გამონათქვამებს, ხელს შეუწყობენ მშვიდობიან საარჩევნო გარემოს. ასევე, ხელს არ შეუშლიან კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებსა და სააგიტაციო მასალის გავრცელებას, განზრახ არ გაავრცელებენ ყალბ ინფორმაციას სხვა კანდიდატების შესახებ და არ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსებს.

  • პოლიტიკური რეიტინგები

4 ოქტომბერს ევროპულმა საქართველომ პარტიის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურია მოსალოდნელი.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე – „საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩამოთვლილთაგან ვის მისცემთ ხმას?“, იმ ამომრჩევლების 29.1 %, რომელსაც არჩევნებზე წასვლა გადაწყვეტილი აქვს, პასუხობს, რომ დავით ბაქრაძეს, 27.5 % გრიგოლ ვაშაძეს, 20.8 % კი, სალომე ზურაბიშვილს.

7 ოქტომბერს მისივე დაკვეთით ჩატარებული კვლევის კიდევ ერთი შედეგი გამოაქვეყნა ტელეკომპანია რუსთავი 2-მაც. ახალი შედეგების მიხედვით, 22%-დან 26 %-მდე გაიზარდა გრიგოლ ვაშაძის მაჩვენებელი, 18-დან 12%-მდე შემცირდა დავით ბაქრაძის მაჩვენებელი, 1%-ული პუნქტით იკლო სალომე ზურაბიშვილის მაჩვენებელმაც და 14%-ით მან მეორე ადგილზე დავით ბაქრაძე ჩაანაცვლა. 8 %-დან 7%-მდე შემცირდა შალვა ნათელაშვილის მაჩვენებელიც. 25%-დან 29%-მდე გაიზარდა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვი.

  • არასამთავრობო ორგანიზაციების გამოხმაურება და პოლიტიკური შეფასებები

გასულ კვირას, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ლიდერების კრიტიკა მოჰყვა.

არასამთავრობოებმა ზურაბიშვილის განცხადებას „ქსენოფობიური“ უწოდეს და განმარტეს, რომ „პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას, ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ახდენს ისტორიული კონფლიქტის თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სახიფათო პრობლემატიზაციას“.

სალომე ზურაბიშვილი 2 ოქტომბერს ნინოწმინდაში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, მოქალაქეობის საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ ერთმა პრეზიდენტმა [მიხეილ სააკაშვილი], ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, დღეს მისი წარმომადგენელი არის ჩემი ერთერთი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა“.

გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ქვეყანაში ეთნიკური შუღლისა და დაპირისპირების გაღვივების, ასევე დესტაბილიზაციისა და არეულობის დაწყების მცდელობა უწოდა.

შალვა ნათელაშვილის შეფასებით კი, „ეს არის საკუთარ სამშობლოზე დაშნააღმართული, მართვადი არსება, რომლის მიზანია გაპრეზიდენტებისთანავე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ცნოს კრემლისა და პუტინის შეფასებით“.

  • ფარული აუდიოჩანაწერები

საპრეზიდენტო კანდიდატები გასულ კვირას „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურნენ, სადაც ის ქართული ოცნების ხელმძღვანელობას, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს ფულის გამოძალვაში, რეკეტსა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებდა

გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, საქართველოში სახელმწიფო გასულია სამართლებრივი და კონსტიტუციური სფეროდან და ეს ე.წ. ქართული ოცნებისა და ივანიშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი სიცარიელე შევსებულია მაფიოზური და კლანური დაჯგუფებით.

დავით ბაქრაძის თქმით კი, დღეს ქვეყანაში ქართული ოცნების ხელისუფლებამ დააბრუნა შევარდნაძის დროინდელი სისტემური კორუფცია, როდესაც სახელმწიფოს მთელი უმაღლესი ხელისუფლება ჩართულია კორუფციაში.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ქვეყნის დეფაქტო მეთაური, პირადად სძალავს მილიონებს კონკრეტულ ბიზნესმენებს, რაც მისივე შეფასებით, „ბიძინას რეჟიმის“ დასასრულს ნიშნავს.

დავით უსუფაშვილმა ფარული ჩანაწერების „კრიმინალურ ქრონიკას“ უფსკრულისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. მისივე თქმით, ქართული ოცნება შესაცვლელია, თუმცა არა ნაციონალური მოძრაობით.

კახა კუკავას შეფასებით, „ივანიშვილი მილიონობით დოლარს სძალავს ყველა მსხვილ ბიზნესს და ყველას აქვს თავისი კონტრიბუცია“. მანვე მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. „არა აქვს მნიშვნელობა ვის შემოხაზავთ, მთავარია, ივანიშვილის კანდიდატი არ შემოვხაზოთ“, – განაცხადა მან.

  • საპრეზიდენტო კანდიდატები ლევან ყიფიანის განმარტებებზე

საპრეზიდენტო კანდიდატების შეფასებები მოჰყვა ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ლევან ყიფიანის განმარტებებსაც, სადაც მან ჩანაწერებში მისი თანამონაწილეობა დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ ეს ზაზა ოქუაშვილის გეგმის ნაწილი იყო და ჩანაწერები დადგმულია.

„არაფორმალურმა მმართველობამ ქვეყანაში დააშინა და მორალურად გაანადგურა იმ საქმის მოწმე, რომელიც უკვე ერთი თვეა აღელვებს ჩვენს საზოგადოებას. ადამიანი, რომელიც ჯერ მაყურებლად გაამწესეს დამოუკიდებელ ბიზნესში, შემდეგ კი განტევების ვაცად დანიშნეს, გამოიყვანეს და მას არნახული სიყალბე ალაპარაკეს“, – განაცხადა ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.

ყიფიანის მონაყოლი „საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრად და აბუჩად აგდების მცდელობად“ შეაფასა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძე. მისი თქმით, „მთელი სახელისუფლო ვერტიკალი ჩართულია კორუფციაში და დღეს ეძებენ გამოსავალს, როგორ არ გამოიძიონ და მიჩქმალონ ეს ამბავი“.

ოთარ ფარცხალაძის დაუყოვნებლივ დაპატიმრება მოითხოვა და ლევან ყიფიანს სიმართლის თქმისკენ მოუწოდა ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა.

შენების მოძრაობის ლიდერის დავით უსუფაშვილის განმარტებით კი, „ომეგასთან“ თუ ყიფიანთან დაკავშირებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქვეყანაში საქმე არის ცუდად და ყოველდღე ხდება უფრო ცუდი”.

„თანავუგრძნობ ლევან ყიფიანს. მე არ მგონია, რომ მასსავით მძიმე დღეში იყოს ვინმე”, – განაცხადა თავისუფალი საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატმა კახა კუკავამ. მისივე თქმით, ლევან ყიფიანმა, პრაქტიკულად დაასაბუთა და დაამტკიცა ყველაფერი, რაც ზაზა ოქუაშვილმა თქვა.

  • კანდიდატების საარჩევნო კამპანია

საპრეზიდენტო კამპანიაში ბიძინა ივანიშვილი ერთვება

ქართული ოცნების ლიდერების შემდეგ, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანიაში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო. 1 ოქტომბერს, ქართული ოცნების ნაციონალურ მოძრაობაზე გამარჯვებიდან 6 წლისთავის აღსანიშნავად, პარტიის ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილთან ერთად სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის „მობილიზაციის” პირობა დადო და გუნდის წევრებს გააქტიურებისკენ მოუწოდა. „მოგიწოდებთ ყველას, კიდევ ერთხელ, რომ მაქსიმალური მობილიზაცია თითოეულმა თქვენგანმა, მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინეთ, მხარში დავუდგეთ და ჩვენ, ჩვენს პატივცემულ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე“, – განაცხადა მან.

სალომე ზურაბიშვილმა მმართველ გუნდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც „მმართველი პარტია უარს ამბობს ერთ-ერთ მთავარ ინსტიტუტზე [პრეზიდენტის] ქვეყანაში და მას უთმობს დამოუკიდებელ კანდიდატს”. „იმედი მაქვს, რომ ვიქნები ამ დიდი ნდობის ღირსი და ვეცდები, რომ ვემსახურო ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა მან.

  • შეხვედრები მოსახლეობასთან

სალომე ზურაბიშვილიმმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი

გასულ კვირას, საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები სამცხე-ჯავახეთში და კახეთის რეგიონში გამართა.

ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში ადგილობრივებთან „თანასწორი საქართველოს მოქალაქეების” პრეზიდენტობის პირობა დადო და მათ ინტეგრაციისთვის, ქართული ენის შესწავლაში სახელწიფოს მხრიდან „უფრო მეტ დახმარებას” დაჰპირდა. საპრეზიდენტო კანდიდატთან ერთად მოსახლეობას შეხვედრებზე ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკიც იყო.

ბორჯომში ამომრჩეველთან შეხვედრისას, ზურაბიშვილის ქართული ოცნების ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ახლდა. ფოფხაძემ „მამაკაცი საპრეზიდენტო კანდიდატების მხრიდან”, „ქალბატონი საპრეზიდენტო კანდიდატის” მიმართ „სიბინძურის ტალღისა და სიბინძურის კორიანტელზე” გაამახვილა ყურადღება და ამომრჩევლებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კახეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას, სალომე ზურაბიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის იქნება „მათი ლობისტი ხელისუფლებაში”. კახეთში მასთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატი ბექა ოდიაშარიაც იმყოფებოდნენ.

სალომე ზურაბიშვილი 5 ოქტომბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა და მათ მის წინააღმდეგ მიმართული „საბჭოური სტილის კამპანიაზე”, ინფორმაცია მიაწოდა.

ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც შეხვდა, სადაც „ქალი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ გამოხატულ სიძულვილის ენაზე” ისაუბრა. „სამწუხაროა, როდესაც სიძულვილის გამომხატველი სიტყვები გაისმის ქალის მიმართ და ამაზე ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს რეაქცია არ აქვთ”, – განაცხადა მან.

სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრა თბილისში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრშიც გამართა. შეხვედრას თბილისის მერთან კახა კალაძესთან და ქართული ოცნების სხვა ლიდერებთან ერთად, მსახიობები და საზოგადოებისთვის სხვა ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ.

გრიგოლ ვაშაძეძალა ერთობაშია

გასული კვირას, გაერთიანებული ოპოზიციის – ძალა ეთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე შეხვედრებს ძირითადად თბილისში მართავდა და ყურადღებას ქვეყანაში არსებულ სოციალურ საკითხებზე ამახვილებდა. მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ბიუროკრატიული ხარჯების დაზოგვის გზით გამოთავისუფლებული თანხა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს მოხმარდება. საპრეზიდენტო კანდიდატი მცხეთასა და გურიასაც ესტუმრა.

ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი გეგმა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მოგება და ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების დანიშვნა და ახალი, „ეროვნული” კოალიციური მთავრობის ფორმირებაა, რათა „სახელმწიფო დაბრუნდეს სამართლებრივ ველზე”.

გრიგოლ ვაშაძე ახალგაზრდებსაც შეხვდა და მათთან განათლების სისტემაში არსებული პრობლემები მიმოიხილა და მათ სისტემის განვითარების მისეული ხედვა გააცნო, რაც სასკოლო და უმაღლეს განათლებაში სახელმწიფო ჩართულობის შემცირებას, უნივერსიტეტების ავტონომიის გაზრდას, განათლების სფეროს დაფინანსების გაორმაგებას და პედაგოგების ხელფასის 1 000 ლარამდე ზრდას გულისხმობს.

გრიგოლ ვაშაძე 2018 წლის რთვლის თემასაც გამოეხმაურა და ხელისუფლება მევენახეების მიმართ უყურადღებობაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ, მთავრობა მიწების „კორუფციული გზით” ხელში ჩაგდებასა და კანაფის „მასშტაბურ კულტივაციას” გეგმავს, რაც „საქართველოს ავღანეთად გადაქცევის პირდაპირი გზაა და საფრთხეში აყენებს საქართველოს მომავალს”, რასაც ოპოზიცია არ დაუშვებს.

დავით ბაქრაძეევროპული საქართველო

მხარდამჭერებთან შეხვედრებს განაგრძობდა დავით ბაქრაძეც, რომლის მთავარი გზავნილიც ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და პენსიის 50 ლარით მატებაა. „თითოეულ ადამიანს მინდა ვუთხრა, ჩვენი ამოცანაა ქვეყანაში შევცვალოთ ხელისუფლება და ქვეყანა წავიყვანოთ წინ, ოღონდ ეს გავაკეთოთ ისე, რომ ქვეყანაში არასოდეს აღარ დაბრუნდეს შურისძიების, რევანშის, ანგარიშსწორების ტალღა”, – განაცხადა ბაქრაძემ თბილისში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე.

დავით ბაქრაძემ ქალთა უფლებების შესახებ გამართულ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელსაც 5 დაპატიჟებული საპრეზიდენტო კანდიდატიდან მხოლოდ ორი – დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი ესწრებოდნენ.

დავით ბაქრაძემ საზოგადოებას ევროპული საქართველოს საპენსიო რეფორმაც გააცნო, რომელიც მისივე განმარტებით, ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული დაგროვებითი საპენსიო მოდელის ალტერნატიული და უფრო რეალისტური ვარიანტია.

ბაქრაძემ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ „ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ არა ცუდსა და უარეს, არამედ, არჩევანი უნდა გავაკეთოთ, უძრაობას, შიშს და საიმედო ხვალინდელ დღეს შორის”.

დავით უსუფაშვილიშენების მოძრაობა

შენების მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა საარჩევნო შეხვედრები ძირითადად თბილისში გამართა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ყურადღებას ძირითადად ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხეებზე ამახვილებს.

დავით უსუფაშვილმა ქალთა მოძრაობისა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის ინიციატივით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა და გენდერულ საკითხებზე ისაუბრა.

უსუფაშვილი საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად ტელეკომპანია პირველის ტოქ-შოუ „პირველებსა” სტუმრობდა, სადაც მან საკუთარ პროგრამაზე ისაუბრა. გადაცემაში ის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის მინიჭების საკითხს შეეხო და განმარტა, რომ „მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას არასოდეს არ მივანიჭებ!”, მეტიც მისი თქმით, კონსტიტუციაში შევა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების უფლება არ ექნებათ.

მანვე მმართველი გუნდის მიერ მარიხუანის კულტივაციის ინიციატივას ყველაზე უგუნური განაცხადი უწოდა. უსუფაშვილი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებულ კონკორდატზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ „ეკლესიას ვერავინ და არავინ უნდა აუკრძალოს პოზიციის გამოხატვა!” გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ის ეკლესიას „პოლიტიკური სპეკულაცია-მანიპულაციებისგან თავისუფალი დიალოგის” გამართვას სთავაზობს.

შალვა ნათელაშვილილეიბორისტული პარტია

საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, შალვა ნათელაშვილი გალის რაიონში მცხოვრები ქართველების მდგომარეობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „25 წელია გალის რაიონში ქართველები სასაკლაოს უძლებენ”, მისი თქმით, ოკუპანტები სოხუმის გათავისუფლების 25 წლისთავს ზეიმობდნენ და იქ მცხოვრებ ქართველებს აიძულებდნენ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა მიეღოთ.

შალვა ნათელაშვილმა გმირთა მემორიალთან გაგრის გენოციდთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და პირობა დადო, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, 2 ოქტომბერს ქართველთა გენოციდის საერთაშორისო დღედ გამოაცხადებს.

პრეზიდენტობის კანდიდატმა რუსთავში მცხოვრები უსახლკარო ოჯახი მოინახულა, რომლებმაც მისი თქმით, სახლი ბავშვის მკურნალობის გამო გაყიდეს. მან პირობა, დადო, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მკურნალობის გამო სახლის გაყიდვა არავის მოუწევს და “ყველა ავადმყოფის პატრონი იქნება ბიუჯეტი”.

შალვა ნათელაშვილი კონფლიქტის ზონის სიახლოვეს სოფელ ხურვალეთშიც ჩავიდა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მესაზღვრეების მიერ გატაცებული ქალის ოჯახი მოინახულა. საპრეზიდენტო კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილს რუსული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება მოსთხოვა.

მანვე აღნიშნა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, შეირაღებული ძალები „დაპირისპირების ხაზზე” განლაგდებიან და „ჩვენი ხალხის დაჩაგვრის” ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება.

პრეზიდენტობის კანდიდატი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსაც შეხვდა და აღნიშნა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემდეგ, შეიქმნება „ეროვნებათა საბჭო”, სადაც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული პრობლემები იქნება განხილული.

ზურაბ ჯაფარიძეპოლიტიკური ცენტრი გირჩი

ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, თუმცა მიიჩნევს, რომ საქართველოს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა დააფიქსიროს და არა პოლიტიკოსებმა.

3 ოქტომბერს ჯაფარიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს და სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს დებატები შესთავაზა.

პრეზიდენტობის კანდიდატი 6 ოქტომბერს ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მხარდამჭერებს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო

თავისუფალი საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატმა კახა კუკავამ, სალომე ზურაბიშვილს, გრიგოლ ვაშაძეს, დავით ბაქრაძეს, დავით უსუფაშვილსა და ზურაბ ჯაფარიძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით სარგებლობისკენ მოუწოდა და დებატებში მონაწილეობა შესთავაზა.

საპრეზიდენტო კანდიდატი სენაკში მხარდამჭერებს შეხვდა და ამომრჩევლებს არჩევნებში მისვლისკენ მოუწოდა. მანვე განმარტა, რომ ივანიშვილი და სააკაშვილი არის ერთიდაიგივე პრობლემა და არანაირი სხვაობა მათ შორის არ არის.

კახა კუკავამ არჩევნებში მისვლისკენ მოწოდება გააჟღერა თბილისში, ვარკეთილში მოსახლეობასთან შეხვედრის დროსაც. მისი თქმით, ხელისუფლებას არჩევნები გარანტირებულად წაგებული აქვს და მისი ერთადერთი იმედი არის „დაბალი აქტივობა”. მანვე გაპრეზიდენტების შემთხვევაში, იმიგრაციის შეზღუდვის პირობაც დადო.

კახა კუკავა იპოთეკით თბილისში, დაზარალებულთა აქციასაც შეუერთდა და განაცხადა, რომ მისი გაპრეზიდენტებისა და ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში, „მევახშეობა გახდება სისხლის სამართლის დანაშაული”.

საპრეზიდენტო კანდიდატი საგარეჯოსაც სტუმრობდა, სადაც ადგილობრივებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო. მისივე თქმით, „რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის ბაზარი უნდა გაიხსნას ქართული სპირტიანი სასმელებისთვის და ყოველი ექსპორტირებული ბოთლიდან 30 % უნდა იყოს ყურძნის ფასი”, რაც მისივე შეფასებით, თეთრი ყურძნის ფასს მინიმუმ ლარნახევრადმდე გაზრდის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button