ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს პოლიტიკოსები აფასებენ

პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის 24 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემაში“ გასულ ინტერვიუს, გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ივანიშვილის განცხადებები მმართველ გუნდში და ოპოზიციაში შეაფასეს.

მმართველი გუნდის გამოხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, რომ გუნდში არის არაერთი ადამიანი, მათ შორის, თავად ბიძინა ივანიშვილიც, რომელსაც შეუძლია არჩევნების მოგება, „თუმცა ჩვენთვის ასევე ცნობილია მისი პოზიცია, რომ მას არ აქვს სურვილი, რომ ეს თანამდებობა დაიკავოს“, – აღნიშნა მანვე. მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, „კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში“. თალაკვაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გუნდის პოზიცია „უმოკლეს დროში“ გახდება ცნობილი.

არჩილ თალაკვაძემ ბიძინა ივანიშილის მხირიდან ბანკების მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ სფეროში საჭიროა რეგლამენტაცია. მისი თქმით, საბანკო სექტორი უნდა განვითარდეს, მაგრამ მომხმარებლები შესაბამისი კანონმდებლობით უნდა იყვნენ დაცულები.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან ყურადღება ყოფილი მინისტრების დაკითხვაზე გაამახვილა. მისი განმარტებით, „თუკი რაიმე კითხვა არსებობს, ვინც არ უნდა იყოს, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს“, ეს კითხვები არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. იგივე პოზიცია დააფიქსირა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამაც. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ „მისთვის ჩვეული ღიაობით და გულწრფელობით თქვა“ ის, რასაც „შესაბამის მინისტრებსაც და მთავრობის მეთაურსაც“ ისედაც ეუბნებოდა.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის გამოხმაურება

მმართველი გუნდისგან განსხვავებით კრიტიკული იყო ოპოზიცია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის რომან გოცირიძის შეფასებით, ივანიშვილი მცდელობა, რომ ყველაფერი ქუმსიშვილსა და კვირიკაშვილს „შეახოცოს“, ნიშნავს, რომ მან აღიარა საკუთარი დანაშაული. „[ივანიშვილს] უნდა, რომ მოსახლეობის თვალში ვიღაც მოძებნოს განტევების ვაცი“, – განაცხადა გოცირიძემ. მისივე თქმით, ბანკებთან დაკავშირებით ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, არის „ძალიან სახიფათო, ძალიან მავნე და ამ განცხადებამ, შეიძლება, მთლიანად მოშალოს ქვეყნის ეკონომიკა“.

ქვეყანაში სიღარიბის ზრდის „ერთ და ორ“ ადამიანზე გადაბრალება, მოსახლეობისთვის „თვალში ნაცრის შეყრად“ და „პასუხისმგებლობისგან გაქცევად“ შეაფასა პარტია ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემაც. მისივე თქმით, ივანიშვილის განცხადება, „თითქოს მან ახლა აღმოაჩინა, რომ მოსახლეობას სერიოზული პრობლემა აქვს სიღარიბის და ეს სიღარიბე ქვეყანაში იზრდება“, არის „უაღრესად ცინიკური“.

პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ივანიშვილის პოზიცია პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ შეაფასა. მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი კარგად ხვდება, რომ ქართულმა ოცნებამ მისი პოლიტიკური რესურსი ამოწურა და სწორედ ამას ემსახურება იდეა, რომ მოიყვანონ, თითქოსდა, გარეშე, დამოუკიდებელი ადამიანი“. მისივე შეფასებით, დღეს ქართულ ოცნებას „მისი სახელით“, ძალიან გაუჭირდება არჩევნების მოგება. „ამიტომ მოიფიქრეს ეს მიდგომა, თითქოს, საზოგადოებას სთავაზობენ ვიღაც დამოუკიდებელს“, – დასძინა მან.

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით კი, გუშინ „ლაპარაკობდა ელემენტარულად ბიზნესმენი“. მისივე თქმით, „ასეთი სამარცხვინო მოვლენა“, როდესაც მმართველ გუნდს, რომელიც ხელისუფლებაში 6 წელია, არ ჰყავს რეალური საპრეზიდენტო კანდიდატი, არსად უნახავს.

„ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, რომ თუ კანდიდატი არ იქნება, მაშინ წაიღოს ოპოზიციამ საპრეზიდენტო თანამდებობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, კონკრეტულად გაურიგდება ერთ-ერთ სატელიტ ოპოზიციურ ძალას და ამას გააფორმებს როგორც დემოკრატიის გამარჯვებად“, – განცხადა ბურჯანაძემ.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ივანიშვილი ცდილობს ჩააცხროს მომეტებული უარყოფით მუხტი საზოგადოებაში, იმ გზით, რომ ან არ დააყენოს თავისი პოლიტიკური ძალიდან საპრეზიდენტო კანდიდატურა, ან მხარი დაუჭიროს მისი აზრით, ნეიტრალურს, ან ჩუმად იმუშაოს რომელიმე სატელიტის გაყვანაზე. „მას არ სურს ტყვიას დაუდგეს პოლიტიკურად პირდაპირ მიზანში“, – განმარტა ნათელაშვილმა.

ივანიშვილის ინტერვიუ შეაფასა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და შენების მოძრაობის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა დავით უსუფაშვილმაც. მისი თქმით, გუშინ „ჩვენ გვესაუბრებოდა წარუმატებლობებით განაწამები, პასუხისმგებლობით დატვირთული, გამოსავლების მაძიებელი, ეული ქართველი, რომელსაც აქვს განცდა, რომ ქვეყანა მის მხრებზეა ჩამოკიდებული“.

ივანიშვილის ინტერვიუს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ივანიშვილმა აღიარა, რომ „მისი მმართველობის დროს, სიღარიბე გაიზარდა და საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში მოქალაქეების მხრიდან საბანკო დავალიანების კუთხით“. მისივე თქმით, ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთიანი ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ არ გაიმარჯვოს.

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე 24 ივლისს გადაცემა „აქტუალურ თემაში“ გავიდა. პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე და სამომავლო გეგმებზე თითქმის საათნახევრის განმავლობაში ისაუბრა. ეს პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვლის პირველი ვრცელი სატელევიზიო ინტერვიუ იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button