ახალი ამბები

ცხინვალი ტერიტორიულ მოთხოვნებს აყენებს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონის ზოგიერთი ტერიტორია მისი კონტროლის მიღმა დარჩა და „საქართველოს და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის“ მიერ დაშვებული შესაძლო შეცდომების გამოძიებას გეგმავს.

საგამოძიებო კომისია რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ 20 ივნისს დაამტკიცა და ამის მიზეზად ზნაურის რაიონის სოფელ წნელისის მცხოვრებლების უამრავი განაცხადი დაასახელა, რომლის თანახმადაც მათი „სოფლის ნაწილი“ რეგიონის საზღვრების მიღმა მოექცა.

სოფელი წნელისი, სადაც მხოლოდ 26 ადამიანი ცხოვრობს, ზნაურის რაიონის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და ორივე მხრიდან თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ესაზღვრება – ქარელის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთით და ხაშურის მუნიციპალიტეტი დასავლეთით.

ოკუპირებული რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრმა, რუსლან თედეევმა განაცხადა, რომ დეპუტატებმა საკითხზე წინასწარი მოკვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ „ჯერ კიდევ არის ადგილები, სადაც საზღვარი არასწორადაა მონიშნული“.

„ამ საკითხს ზედმიწევნითი შესწავლა ესაჭიროება. და თუ, ნებსით თუ უნებლიეთ, მართლაც იქნა შეცდომები დაშვებული ჩვენი საზღვრის დემარკაციის დროს, ეს ფაქტები უნდა გამოვლინდეს და გამოსწორდეს“, – განაცხადა რეგიონის პარლამენტის სპიკერმა, პიოტრ გასიევმა.

„ეს შემაშფოთებელია. ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. როგორ მოხდა, რომ საცხოვრებელი სახლები საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა და ახლა ჩვენივე ტერიტორიების დაბრუნება გვიწევს“, – განაცხადა რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ, ინალ მამიევმა.

სადავო ტერიტორია

მართალია, ცხინვალის ტერიტორიული მოთხოვნების ზუსტი ადგილმდებარეობა გაურკვეველი რჩება, თუმცა ამგვარი განვითარება იმის მანიშნებელია, რომ თბილისის მიერ კონტროლირებადი დამატებითი ტერიტორია შეიძლება რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდეს.

რუსლან თედეევმა ოკუპირებული რეგიონის პარლამენტის 20 ივნისის სხდომაზე დააზუსტა, რომ წნელისის სადავო ტერიტორიაზე ტალკის მაღარო მდებარეობს „მარმარილოს მნიშვნელოვანი საბადოებით“.

მანამდე, ცხინვალის ხელისუფლება აცხადებდა, რომ წნელისის ზოგიერთი მცხოვრების  სახლი რეგიონის საზღვრებს მიღმა დარჩა, ვინაიდან სასაზღვრო ზოლი ყოფილი ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების შესაბამისად გაივლო.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდას მცხოვრებლები შიშობენ, რომ ცხინვალის ტერიტორიული მოთხოვნები მათაც შეეხებათ, რის შედეგადაც მათ იმ ერთადერთ გზაზე წვდომა აღარ ექნებათ, რომელიც სოფელს დანარჩენს საქართველოს უკავშირებს (სოფელ აბანოს მეშვეობით).

მიუხედავად მცდელობისა, Civil.ge-მ სოფელ წნელისის სადავო ტეროტორიაზე არსებულ სახლებზე დეტალების დაზუსტება ვერ მოახერხა.

რეგიონის ამსახველი ორი რუკა, რომელიც Google Maps-ზე და Yandex-ზეა ხელმისაწვდომი, ხსენებული ტერიტორიის შესახებ სხვადასხვა სურათს აჩვენებს, მაშინ, როდესაც პირველ რუკაზე კოდა-აბანოს გზა FSB-ს მიერ დაცულ საზღვრებში ექცევა, მეორე რუკაზე არც კოდა-აბანოს გზა და არც ტალკის მაღარო რეგიონის საზღვრებში არ არის შესული.

წყნეთი-კოდა-აბანოს რუკა – Google Maps.

წყნეთი-კოდა-აბანოს რუკა – Yandex.ru.

2008 წლის აგვისტოს ომის და მოსკოვის მიერ ცხინვალის აღიარების შემდეგ, რეგიონში დისლოცირებულმა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების შესაბამისად „საზღვრის დემარკაციის“ კუთხით ცალმხრივი ქმედებები დაიწყეს. თბილისმა ეს პროცესი დაგმო და უარყო მოსკოვის შემოთავაზება, რომ ცხინვალთან დემარკაციის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართულიყო.

თბილისის რეაგირება

სახელმწიფო მინისტრმა შერიგების საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას „პროვოკაციული“ უწოდა, რაც, მისი თქმით, ადგილზე „უსაფრთხოებას და ჰუმანიტარულ მდგომარეობას გაართულებს“.

„ამ მავთულხლართებისა და შეზღუდვების კომისიების ნაცვლად, სჯობს, პირველ რიგში, მუგუთის, წნელისის, არცევის, იკორთას, აბრევის, ორჭოსანის, წინაგარისა და სხვა ბევრი სოფლის მოსახლეობას მოვუსმინოთ, სადაც ოსებიც და ქართველებიც ურთულეს მდგომარეობაში არიან და გადაადგილების თავისუფლებას ითხოვენ. ამის ნაცვლად კი მავთულხლართებს იღებენ“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

„სჯობს, ჩვენ ერთად ვიმუშაოთ გამოსავალზე, მით უფრო, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა მნიშვნელოვან და კონკრეტულ ინიციატივებს მოიცავს მოსახლეობისათვის რთული მდგომარეობის შემსუბუქების თაობაზე“, – დასძინა მან.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ციხელაშვილის გზავნილები გაიმეორა და ცხინვალის გადაწყვეტილებას „პროვოკაცია“ უწოდა, რაც „თითქმის ყოველდღიურად ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე“.

„რის დელიმიტაციაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ელემენტარულად არ არსებობს საზღვარი“, – განაცხადა დონდუამ და დასძინა, რომ „თუ ვინმეს რამეზე აქვს პრეტენზია, ეს არის ის ასამდე განადგურებული, ქართველებით დასახლებული სოფელი, რომლებიც ბულდოზერებით მოასწორეს რუსმა ოკუპანტებმა და მათი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა“.

ზნაურის რაიონი, სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ოთხი რაიონიდან ერთ-ერთი, შიდა ქართლის რეგიონის ქარელის რაიონს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით 1991 წელს მიუერთდა. თუმცა, ცენტრალური მთავრობის იურისდიქციის ქვეშ, რაიონის ტერიტორიის მხოლოდ ნაწილი, ძირითადად ეთნიკური ქართველებით დასახლებული ტერიტორიები რჩებოდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, საქართველომ ამ ტერიტორიაზე კონტროლი დაკარგა. ამჟამად, რაიონში 4 531 ადამიანი ცხოვრობს, 1989 წელს არსებული მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები. მათგან 431 (9.51%) ეთნიკური ქართველია, რაც 1989 წელს არსებულ მაჩვენებელზე (3 619) რვაჯერ ნაკლებია. ზოგიერთმა მათგანმა რაიონი 90-იანი წლების დასაწყისში იძულებით დატოვა, დანარჩენებმა კი 2008 წლის ომის შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button