skip to content
ახალი ამბები

ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად პარლამენტის წინ აქცია გაიმართა

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძისა და პანკისის ხეობაში ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაციის შედეგად დაჭრილი და მოგვიანებით გარდაცვლილი, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად, გუშინ, თბილისში, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციაზე ძირითადად ოპოზიციური პარტიების აქტივისტები იყვნენ. მათ პარლამენტის შენობის წინ შეკრება დღის ოთხი საათისთვის დაიწყეს. შეკრებილებს სიტყვით სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა მიმართეს და მათი მოთხოვნები გააჟღერეს. ისინი სამართალდამცველი სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას და სხვადასხვა გამოუძიებელი საქმეების დროულ და ეფექტიან გამოძიებას ითხოვდნენ. აქციას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც ესწრებობდნენ, თუმცა განცხადებებისთვის ტრიბუნა არ გამოუყენებიათ. მათი თქმით, ისინი აქციას რიგითი მოქალაქეების სტატუსით შეუერთდნენ.

დემონსტრანტებს ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმაც მიმართეს. მათი განმარტებით, ის ვადა, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს, ხელისუფლებას მისცეს, ათ ივნისს ამოიწურა, თუმცა მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. აქციაზე მათ საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს. მალხაზ მაჩალიკაშვილმა ყველა დამნაშავის, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის, მისი მოადგილის იოსებ გოგაშვილისა და იმ სპეცრაზმელის დასჯა მოითხოვა, ვინც მის შვილს ესროლა. ზაზა სარალიძე კი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს. მისივე თქმით, მთავარი პროკურორი არასამთავრობო სექტორმა უნდა შეარჩიოს.

პარლამენტის წინ აქციაზე გამოსვლები რამდენიმე საათს გაგრძელდა. დაახლოებით ღამის ცხრა საათისთვის, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის თხოვნით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ განთავსებული კარვები რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს, სადაც აქციის ორგანიზატორებთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ.

დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის წინ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, რამდენიმე პირი, მათ შორის, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა დააკავა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კარვები გზის სავალი ნაწილიდან პარლამენტის წინ დააბრუნეს. ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია.

გუშინვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულებს მერაბ მორჩაძესა და მირზა სუბელიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. საქალაქო სასამართლომ კი მირზა სუბელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button