ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილი: აშშ-ში ვიზიტი „უაღრესად მნიშვნელოვანი“ იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 23 მაისს, აშშ-ში მისი სამდღიანი ვიზიტის დასასრულს განაცხადა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უახლოესი სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერია“.

„ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, სადაც ჩვენ, ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან და კოლეგებთან გვქონდა ძალიან ღია, საგნობრივი განხილვა აბსოლუტურად ყველა საკითხის, რომელიც დღის წესრიგში დგას ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობებში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ ვართ ამერიკის უახლოესი პარტნიორი ჩვენს რეგიონში და ვიცე-პრეზიდენტისგან მოვისმინეთ ძალიან მკაფიო მხარდამჭერი მესიჯები, რაც ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – დასძინა პრემიერმა.

პრემიერი სიტყვით აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში სტრატეგიული ურთიერთობების ბოლო, შემაჯამებელ კონფერენციაზეც გამოვიდა, სადაც მან ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა.

„ჩვენი კულტურა ევროპულია, ძლიერი ამერიკული აქცენტებით, ჩვენი ორიენტაცია, ღირებულებები და პოლიტიკა დასავლური და ტრანსატლანტიკური მისწრაფებისაა“, – ხაზი გაუსვა პრემიერმა და დასძინა, რომ 1991 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე, „საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებზე უფრი დიდი მეგობარი არ ჰყოლია“.

„საქართველოს უნიკალური პოზიცია და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მისი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება. შესაბამისად, ახლა ორმხრივ თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებზე შეთანხმების დროა, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, დამატებით სარგებელს მოუტანს“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანმხებაზე გაამახვილა ყურადღება Fox News-ზე გამოქვეყნებულ სტატიაშიც. მან ხაზი გაუსვა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება „ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიასა და ეკონომიკურ ინტერესებს კიდევ უფრო გააძლიერებს, ამასთან ის საქართველოს დასავლეთის თავისუფალი ბაზრის ეკონომიკასთან და არქიტექტურასთან უკეთ დაკავშრებაში დაეხმარება“.

აშშ-ში 21-23 მაისის ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვეს მიტჩელს, კონგრესმენებს ედ როისს, ელიოტ ენგელს, პიტერ როსკამს და დევიდ პრაისს, ასევე სენატორებს ლინდსი გრემს, რონ ჯონსონს და კრის მურფის შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button