ახალი ამბები

დიმიტრი ქუმსიშვილი ვაშინგტონში აშშ-ის კომერციის მდივანს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის მდივანს უილბურ როსს შეხვდა. მხარეებმა ამერიკა-საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის პერსპექტივები განიხილეს.

ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება მნიშვნელოვნად გაზრდის ორივე ქვეყნის ექსპორტის მოცულობას, მოიზიდავს ინვესტორებს და ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას“. მან ასევე განმარტა, რომ ის საქართველოში ამერიკული ინვესტიციების შემოდინებას მიესალმება, რამდენადაც „ეს ქვეყანაში ტექნოლოგიებისა და ახალი ცოდნის შემოსვლას შეუწყობს ხელს“.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, შეხვედრაზე ბოლო პერიოდში, საქართველოს მიმართ ამერიკული კომპანიების მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობის საქართველოში გახსნისა და სავაჭრო ვიზიტების გააქტიურების შესაძლებლობები განიხილეს.

დიმიტრი ქუმსიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში 21 მაისს საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. აშშ-ში სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი 23 მაისს დასრულდება.

ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორის მოადგილეს ტაო ჟანგს და დირექტორის შემცვლელს რიჩარდ დორბორშს შეხვდა. ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში, მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის „საკრედიტო გარანტიის ფონდის“ შექმნაზე ისაუბრეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button