მთავარი / ახალი ამბები / საგარეო საქმეთა მინისტრი ყაზახეთს სტუმრობს
საქართველოს და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასტანა, 16 მაისი, 2018. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრი ყაზახეთს სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, 16-17 მაისს, ვიზიტით ყაზახეთს სტუმრობს. ის პრემიერ-მინისტრს ბაჰიტჟან საგინტაევს, საგარეო საქმეთა მინისტრს კაირატ აბდრახმანოვს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

პრემიერ-მინისტრ ბაჰიტჟან საგინტაევთან შეხვედრის დროს, მხარეები ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის და სხვა სფეროებში, ორ ქვეყანას შორის „წარმატებულ თანამშრომლობას“ და საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში ერთობლივ მონაწილეობას მიესალმნენ. მინისტრებმა ორმხრივი საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერისა და  ბიზნეს ურთიერთობების გაფართოების მზადყოფნაც გამოთქვეს.

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყაზახური კომპანიები მზად არიან, საქართველოს რკინიგზას ელმავლები მიაწოდონ, ასევე თბილისის ავტობუსების პარკი ყაზახური ავტობუსებით განაახლონ.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2018-2019 წლების თანამშრომლობის პროგრამას მოაწერეს ხელი. ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით, ყაზახეთის კურსი უცვლელია.

„რეგიონსა და საერთაშორისო ასპარეზზე, საქართველო ყაზახეთისთვის საიმედო პარტნიორია“, – განაცხადა კაირატ აბდრახმანოვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მართალია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება, თუმცა მისი სრული პოტენციალის გამოყენება არ ხდება.

მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ მაისის ბოლოს, ყაზახეთს საქართველოს სავაჭრო მისია ეწვევა, რომელიც „მოიკვლევს მეტ სავაჭრო შესაძლებლობებს, არა მხოლოდ ყაზახეთში, არამედ მთლიანად რეგიონში“.

„ჩვენ ყაზახეთს რეგიონში მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ. ჩვენ ასევე გვსურს დაგარწმუნოთ, რომ ყაზახეთის ბიზნეს წრეებსაც შეუძლიათ, რომ საქართველო რეგიონში საიმედო პარტნიორად მიიჩნიონ, რომელიც ეფექტიანად ინტეგრირდება ევროპულ სივრცეში“, – განაცხადა მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყაზახეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ნურლან ნიგმატულინს და სენატის თავმჯდომარეს კასიმ ტოკაევსაც შეხვდა. მიხეილ ჯანელიძე სიტყვით საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზეც გამოვიდა და ასტანის ეკონომიკურ ფორუმსაც დაესწრო, რომელიც პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გახსნა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2017 წელს, ყაზახეტთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 81.07 მლნ აშშ დოლარი, ექსპორტის მოცულობა 51.44 მლნ აშშ დოლარი (39.81 მლნ აშშ დოლარი 2016 წელს), ხოლო იმპორტის მოცულობა 29.63 მლნ აშშ დოლარი (22.29 მლნ აშშ დოლარი 2016 წელს) იყო.

This post is also available in: ინგლისური, რუსული

About Civil.ge

This is a product produced by Civil.ge team, delivering news and commentary on Georgia since 2001.