Placeholder canvas
ახალი ამბები

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება


ირაკლი კობახიძე, გიორგი კვირიკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე (უკანა ფონზე), 26 აპრილი, 2018. ფოტო: facebook.com/KvirikashviliOfficial

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარედ ბრუნდება, ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც 2013 წლის 24 ნოემბერს პარტიის თავმჯდომარეობის პოსტი, პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ დატოვა, თავმჯდომარედ სავარაუდოდ მაისის თვეში დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ.

პარტიის ცენტრალურ ოფისში შეხვედრა დღეს გაიმართა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის და პარტიის ლიდერებთან ერთად ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საზოგადოების ინტერესი „ბუნებრივი და ლეგიტიმური“ იყო და დასძინა, რომ ხალხს „სიცხადე“ სჭირდებოდა.

„ჩვენ, როგორც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა, ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ხალხის წინაშე და მივიჩნევთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისა და ახალი გამოწვევების ფონზე დადგა აუცილებლობა, მაქსიმალურად გავაძლიეროთ პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და სიმტკიცე შევძინოთ ჩვენს გუნდს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, შეინარჩუნოს „ერთსულოვნება ფუნდამენტურ სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით“ და ასევე „ნათელია“, თუ რამდენად დიდია გუნდისთვის, ბიძინა ივანიშვილის „ფაქტორი“, რომელსაც პირადად მან მთელი გუნდის სახელით „შესთავაზა და სთხოვა პარტიას ჩასდგომოდა სათავეში“.

„მას ყველაზე მეტად ძალუძს, გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი, პარტიის თავმჯდომარის რანგში, შესძინოს მეტი და ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს“, – განაცხადა პრემიერმა, რომელიც პარტია ქართულ ოცნებას 2016 წლის მაისიდან ედგა სათავეში.

მსგავსი/Related

Back to top button