skip to content
ახალი ამბებიკონფლიქტის ამბები

აქტივისტები საქართველოს მოქალაქის დაკავებას აპროტესტებენ

რამდენიმე ათეული აქტივისტი გუშინ გვიან ღამით სოფელ ჟინვალის მახლობლად შეიკრიბა და საქართველოს სამხედრო გზაზე რუსული სანომრე ნიშნებით მოძრავი მანქანებისთვის გადაადგილების შეზღუდვით დაიმუქრა. 

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცოტა ხნით ადრე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მკვიდრი, თამაზ ილურიძე, სავარაუდოდ, ცხინვალის რეგიონში განთავსებულმა რუსეთის FSB-ის ოფიცრებმა დააკავეს.

აქციის ორგანიზატორის დავით ქაცარავას თქმით, გავრცელებული ინფორმაციით, ილურიძე პირუტყვს მწყემსავდა, როდესაც ის „შეიარაღებულმა რუსმა ოკუპანტებმა“ გაიტაცეს, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე „300-400 მეტრით გადმოვიდნენ“.

„ეს არის ტერორი, რასაც რუსი ოკუპანტები აწარმოებენ ჩვენს ტერიტორიაზე. ისინი აგრძელებენ ჩვენი მოსახლეობის ტერორიზებას და ცდილობენ დააშინონ ისინი… რუსებს უნდათ გვითხრან, რომ ჩვენ არაფრის მაქნისები ვართ, რომ ჩვენ ჩმორი ერი ვართ“, – უთხრა ქაცარავამ ჟურნალისტებს აქციის დაწყებამდე.

ქაცარავას თხოვნა, რომ რუსული ნომრებით მოძრავი მანქანებისთვის გადაადგილება შეეზღუდათ, პოლიციელებმა არ დააკმაყოფილეს. მოგვიანებით მომიტინგეები შეეცადნენ გზის გადაკეტვას, თუმცა მათი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. 

აქცია ღამის 3 საათისთვის დასრულდა. ქაცარავას თქმით, „პირველ ეტაპზე შედეგი მიღწეულია“. „დაბრკოლება შევუქმენით რუსულ მანქანებს… თვითონ რუსული მხარე არ უშვებს ავტომანქანებს [ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან]“, – განაცხადა მან.  
 
ქაცარავამ ასევე განაცხადა, რომ აქცია კვლავ გაიმართება ჯერ თბილისში და შემდეგ ჟინვალში, და თუ დღეს 14:00 საათამდე არ დაბრუნდება ილურიძე, კვლავ გაგრძელდება აქციები.     

მსგავსი/Related

Back to top button