skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ლიდერები მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციის ერთი წლისთავს ულოცავენ

დღეს შესრულდა ერთი წელი მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის უფლება მოიპოვეს. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ლიდერებმა განცხადებები გაავრცელეს და მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციის ერთი წლისთავი მიულოცეს.

პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი: „28 მარტს 1 წელი სრულდება ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან. ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი მიღწევა. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი, მაგრამ ამავე დროს ჩვენი მოსახლეობის ევროპული არჩევანის შედეგი… ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ის ნაბიჯები, რომლებსაც დღეს დგამს საქართველოს ხელისუფლება იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან უვიზო მიმოსვლის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა, გადაუდებლად გამოიღებს შედეგს და ჩვენ შევძლებთ, რა თქმა უნდა, ამ უდიდესი სიკეთის შენარჩუნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს ამ ძალიან დიდ მონაპოვარს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ“.

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე: „ვიზალიბერალიზაცია არ გახლავთ მხოლოდ  საქართველოს მთავრობის უდიდესი ძალისხმევისა და მასშტაბური რეფორმების შედეგი, არამედ ეს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის – ევროპული მისწრაფების და ამ გზაზე მათი განუხრელი  მხარდაჭერის შედეგია… საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება უფრთხილდება ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ამ მნიშვნელოვან მონაპოვარს და ყველა ღონეს მიმართავს, რათა ქვეყანამ სრულფასოვნად შეასრულოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული პირობები“.

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე: „ერთი წლის წინ ჩვენ ევროპელმა მეგობრებმა მოგვანიჭეს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის პრივილეგია. ჩვენთვის ეს არის, რა თქმა უნდა, პრივილეგია და პრივილეგიასთან ერთად პასუხისმგებლობა. ეს პასუხისმგებლობა კარგად უნდა გაიაზროს როგორც ხელისუფლებამ, ასევე თითოეულმა მოქალაქემ. მე დარწმუნებული ვარ, მომავალში ასეთი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საკითხს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სათანადოდ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი ჩვენი ევროპელი მეგობრების წინაშე, რაც გახდება იმის საწინდარი, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროპას და ევროპის კავშირს“.

ბოლო ერთი წლის მანძილზე, შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 250 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. თუმცა სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან ერთად, ბოლო რამდენიმე თვეში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაიზარდა საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის, ასევე დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი, რაც წარმოადგენს ფორმალურ საფუძველს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისათვის. 

ამ პრობლემასთან გასამკლავებლად, საქართველოს ხელისუფლება გეგმავს საკანონმდებლო რეფორმების გატარებას, ევროპელ პარტნიორებთან საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე საინფორმაციო კამპანიის წარმოებას უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესებისა და არალეგალური მიგრაციის საფრთხეების თაობაზე.

მსგავსი/Related

Back to top button