Placeholder canvas
ახალი ამბები

არასამთავრობოები რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმაში „სიძულვილისა და შეუწყნარებლობის“ მოტივზე საუბრობენ

ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტმა, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ, თანასწორობის მოძრაობამ და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც პროკურატურას სთხოვენ, ყურადღება გაამახვილოს „დამამძიმებელ გარემოებაზე“, რომელიც 19 მარტს „ქართული მარშის“ აქტივისტების მიერ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმაში გამოიკვეთა.

„აშკარაა, რომ 19 მარტის აქციაში მონაწილეთა მოქმედებები გამოწვეული იყო სიძულვილისა და შეუწყნარებლობის მოტივით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის თანახმად, წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას“, – აცხადებენ არასამთავრობოები. 

მათივე თქმით, „შეუწყნარებლობისა და ძალადობის ფაქტებზე სახელმწიფოს მიერ სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება და დამნაშავე პირთა ადეკვატური დასჯა აუცილებელია მომავალში ასეთი ფაქტების პრევენციისათვის“. „მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს 19 მარტის მოვლენების დისკრიმინაციულ მოტივებზე, როგორც სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების დამამძიმებელ გარემოებაზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

„ქართული მარშის“ წევრები რუსთავი 2-ის შენობასთან 19 მარტს შეიკრიბნენ. ისინი აპროტესტებდნენ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ კვირას, 18 მარტს, გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გაკეთებულ ერთ-ერთ განცხადებას, რომელმაც, მოძრაობის აქტივისტთა თქმით, მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო. ულტრანაციონალისტური ჯგუფის წევრების პროტესტს აგრესიული ხასიათი ჰქონდა. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, რუსთავი 2-ის ჟურნალისტები დაშავდნენ, მათ შორის, ერთი ჟურნალისტის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. 

23 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული მარშის“ ექვს აქტივისტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალად ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა ედებათ.
 

მსგავსი/Related

Back to top button