ახალი ამბები

კვირიკაშვილი: რუსეთის პასუხი „ტოვებს სივრცეს საუბრისათვის“


პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, 14 მარტი, 2018. ფოტო: gov.ge

„ბევრი რამ შეიძლება არ იყოს მისაღები მოსკოვის პასუხში, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად სათქმელია – ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი სივრცე შეიქმნას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 14 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას წინ უძღოდა ოპოზიციური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერის 9 მარტის მიმართვამ რუსეთისადმი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხმა შეასუსტა ქვეყნის პოზიციები.

„ამ დღეების განმავლობაში მოვისმინე უამრავი ძალიან აბსურდული შეფასება იმ განცხადებისა, რომელიც მე გავაკეთე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ „ჩვენი თითოეული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“.

„როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, როდესაც საუბარია ძალიან მძიმე პროვოკაციების თავიდან აცილებაზე და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ დროს, რათა დაძაბულობა შევანელოთ, თუნდაც ეს გადიოდეს ჩვენი საკუთარი იმიჯის ხარჯზე და ხაზზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„არსებობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი და ამ ფორმატში გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც თუნდაც მცირე პროგრესს მოგვიტანს. ეს მცირედი პროგრესი არის საქართველოში სტაბილურობის წყარო და ამ არეულ მსოფლიოში თუ რამ სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ეს არის სტაბილური ცხოვრების საშუალება“, – აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრის განცხადება საგარეო საქმეთა მინსიტრმა მიხეილ ჯანელიძემ განმარტა და ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს „ძალიან მნიშვნელოვან“ ფორმატად მიიჩნევს და შესაძლებლად მიიჩნევს ამ ფორმატში „ახალი შესაძლებლობების მოძებნას“.

„საქართველოს მთავრობის მიდგომა რჩება კონსტრუქციული და არის ორიენტირებული რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზების მოძებნისკენ. ჩვენ გავაგრელებთ სწორედ ამ პრინციპით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მონაწილეობას“, – განაცხადა ჯანელიძემ. „ჩვენი მიდგომა უკავშირდება იმას, რომ მოიძებნოს ამ რთული ჩიხური მდგომარეობიდან შესაძლო გამოსვლის გზები და თუ ამისთვის საჭიროა მაღალი პოლიტიკური დონის ჩართულობა და ჩვენ ვთვლით, რომ მაღალი პოლიტიკური დონის ჩართულობით შესაძლებელია კიდევ უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა, ჩვენ ამისთვის მზაობას გამოვთქვამთ“, – განაცხადა მან.

„ეს არ გულისხმობს, რომ შემდეგ რაუნდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება ჟენევაში. ჟენევის შემდეგი რაუნდი ჩატარდება ისეთივე ფორმატში, რა ფორმატშიც აქამდე მიმდინარეობდა, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ მომდევნო რაუნდზე და მის შემდეგ რაუნდებზე შეიქმნას იმის საფუძველი, რომ გადავდგათ ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჯანელიძემ ასევე ისაუბრა კვირიკაშვილის მიერ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის შეთავაზებაზე და აღნიშნა, რომ ამგვარი დიალოგი 90-იანი წლებიდან მიმდინარეობს. „ჩვენი მიზანია, რომ ეს დიალოგი იყოს კიდევ უფრო აქტიური, კიდევ უფრო შედეგზე ორიენტირებული და შედეგი არის შერიგება. შედეგი არის საოკუპაციო ხაზით გაყოფილი საზოგადოების გაერთიანება და იმ დიდი ტრამვების მოშუშება, რომელიც ჩვენ გვაქვს, საზოგადოებას“, – განაცხადა მან.   

მსგავსი/Related

Back to top button