ახალი ამბები

მმართველი პარტია თვითმმართველობის რეფორმას ამზადებს


ირაკლი კობახიძემ დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ხედვა წარმოადგინა, 5 მარტი, 2018. ფოტო: parliament.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ხედვა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც 7-8 წელიწადში თვითმმართველობის ორგანოების დაფინანსება „რამდენჯერმე უნდა გაიზარდოს“ და მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ს მიაღწიოს

გარდა ამისა, უნდა გაიზარდოს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები, განხორციელდეს ფისკალური დეცენტრალიზაცია, ასევე – გაძლიერდეს მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის პროცესში.

„ჩვენი საბოლოო მიზანი არის ის, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ეს შეუძლებელია, რა თქმა უნდა, თუ არ ჩამოვაყალიბებთ ევროპული ტიპის დეცენტრალიზებულ მმართველობის სისტემას, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემას“, – განაცხადა დღეს სტრატეგიული ხედვის წარდგენისას ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ საჭიროა „დეცენტრალიზაციის ერთიანი, კომპლექსური სტრატეგიის შემუშავება“. 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თვითმმართველობის რეფორმა სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტულ წრეებთან და თვითმმართველობების ეროვნულ ასოციაციასთან აქტიური თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს. მან ასევე ხაზი გაუსვა ამ პროცესში „პოლიტიკური ნების“ არსებობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს იმისათვის, „რომ ამ რეფორმას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა მთავრობიდან“. 

დეცენტრალიზაციის თაობაზე ხელისუფლების ხედვის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თვითმმართველობის რეფორმის მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ „რეგიონებში იყოს როგორც გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება, ასევე – შესაბამისი რესურსი ამ გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულებისთვის“. მისივე თქმით, საქართველოს რეგიონებს შორის ცხოვრების დონის მიხედვით არსებული უთანასწორობა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რაც რეფორმის შედეგად უნდა აღმოიფხვრას. პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ რეფორმის შედეგად, „საუკეთესო განათლების მქონე ახალგაზრდებს“ ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობის მოტივაცია გაუჩნდებათ, რითაც ხელს შეუწყობენ რეგიონულ განვითარებას. 

ქართულმა ოცნებამ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. 2014 წელს პარლამენტმა „თვითმმართველობის კოდექსი“ მიიღო, რომლითაც თვითმმართველ ერთეულებში –  მუნიციპალიტეტებში მერების და გამგებლების პირდაპირი არჩევნები დაწესდა, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა კი ხუთიდან თორმეტამდე გაიზარდა. გასულ წელს, 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, შვიდ ქალაქს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი ჩამოერთვა, რასაც ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 

თვითმმართველობის ახალი რეფორმა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა 2017 წლის დეკემბერში, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების დროს დააანონსა.

დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ხედვის წარდგენას მოჰყვება სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელსაც  საქართველოს პარლამენტი 2018 წელს დაამტკიცებს. სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიისა და ავსტრიის მხარდაჭერით შემუშავდება.

მსგავსი/Related

Back to top button