ახალი ამბები

პრეზიდენტობის საერთო კანდიდატის გამოსავლენად მოლაპარაკებები ‘მიმდინარეობს’, აცხადებს არასაპარლამენტო ოპოზიცია

არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა დაადასტურეს, რომ 2018 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საერთო კანდიდატის გამოსავლენად პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს. 

ეს განცხადება მოჰყვა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომ უნდა შეიქმნას „ოპოზიციური ძალების ფართო ფრონტი“ და რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპოზიციურმა პარტიებმა პრაიმერი უნდა ჩაატარონ. „არანაირი ცალკე პარტიული კანდიდატი ეფექტური არ იქნება. ამაში ვარ დარწმუნებული“, – განუცხადა 10 თებერვალს „რუსთავი 2“-ს მიხეილ სააკაშვილმა. 

სააკაშვილის ეს წინადადება მომდევნო დღეს დაადასტურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ბიბილაშვილმა, რომლის განცხადებითაც „ივანიშვილის ინტერესია, რომ მოხდეს მაქსიმალური ფრაგმენტაცია პოლიტიკურ ველზე… ხოლო ხალხის დაკვეთაა, რომ მოხდეს დიდი ოპოზიციური გაერთიანება პრინციპით – ყველა ივანიშვილის წინააღმდეგ“.

ევროპელი დემოკრატების თამჯდომარემ, პაატა დავითაიამ, რომელიც ამავდროულად 14 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი ლიდერთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანია, 12 თებერვალს განუცხადა Civil.ge-ს, რომ საერთო კანდიდატის შესარჩევად მოლაპარაკებები სამი თვეა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ლიდერთა საბჭო „ღიაა ყველა პარტიისთვის“, ხოლო თუ ნაციონალური მოძრაობა ჩაერთვება ამ პროცესში, „ჩვენ მხოლოდ მივესალმებით“.

პაატა დავითაიას განცხადებით, „საერთო კანდიდატის დასახელებაზე შესაძლოა გამოვიყენოთ შიდა პრაიმერის მექანიზმი“, თუმცა მისივე თქმით, „არც მანამდე და არც სააკაშვილის განცხადების მერე ნაციონალური მოძრაობიდან არავინ დაგვკავშირებია“. 

დავითაიას თანახმად, „საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ლიდერთა საბჭოში აზრთა გაცვლა-გამოცვლა ინტენსიურად მიმდინარეობს“. „ჯერ სავარაუდო კანდიდატებზე საუბარი არ შემიძლია“, – დასძინა მან. 

„უკვე დასახელდა რამდენიმე კანდიდატი, ლეიბორისტული პარტიიდან შალვა ნათელაშვილი, ასევე შესაძლოა კენჭი იყაროს ნინო ბურჯანაძემაც. ჩვენ ამ კანდიდატებზეც ვიმსჯელებთ და ასევე ისეთებზე, რომლებიც პარტიის ლიდერები არ არიან. არ გამოვრიცხავ მოქმედი პრეზიდენტის კანდიდატურაც განვიხილოთ, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება მის ქმედებაზე“, – განაცხადა დავითაიამ. 

ევროპულ საქართველოში, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 2017 წლის დასაწყისში გამოეყო, სააკაშვილის წინადადებას ნაკლები ოპტიმიზმით შეხვდნენ. „რუსთავი 2“-თან საუბრისას, 11 თებერვალს ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ექს-პრეზიდენტის წინადადებას „გადაგვარებული ლიდერის ურთიერთგამომრიცხავი აზრების ბოდვა“ უწოდა. მისივე თქმით, „პროდასავლური ოპოზიცია უნდა თანამშრომლობდეს. ამაში დარწმუნებული ვარ. უბრალოდ, ეს თანამშრომლობა ვერ იქნება სააკაშვილის ფიგურის გარშემო თანამშრომლობა“. 

ამ დრომდე, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, მათ შორის, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა, და დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ, განაცხადეს. 

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მისი შესაძლო მონაწილეობის საკითხს 2 თებერვალს მოკლედ შეეხო, განაცხადა, რომ „ჯერჯერობით არც არავისთან ყოფილა ამაზე კომუნიკაცია, იქიდან გამომდინარე, მე თვითონ არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული“. 

„გასაგებია, რომ ოპოზიციისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო პარტნიორი ვიყო, თუმცა ჩემთვის რამდენად საინტერესოა განსხვავებული სპექტრის ოპოზიციური პარტიები, მათი შეხედულებები, წინა პოლიტიკური საქმიანობა, მომავალი გეგმები, ამის თაობაზე შეგვიძლია მერე უფრო დეტალურად ვისაუბროთ“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button