ახალი ამბები

პარლამენტი სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ ახალ კანონს იხილავს

საქართველოს პარლამენტმა 7 თებერვალს პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 1 ივნისიდან სამხედრო სარეზერვო სამსახურის ახალი წესი ამოქმედდება.

თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა „სამხედრო ძალების რეზერვის და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის მიღებას, 10 მოქმედ კანონში კი – ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. 

ახალი კანონის თანახმად, შეიქმნება ორი ტიპის რეზერვი: აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი.

აქტიური სარეზერვო სამსახური შეიარაღებული ძალების რეზერვად, ტერიტორიულ რეზერვად და სპეციალისტთა რეზერვად დაიყოფა. თავის მხრივ, შეიარაღებული ძალების რეზერვი, რომელიც ყოფილი სამხედროებისა და ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილი თანამშრომლებით დაკომპლექტდება, უზრუნველყოფს სამხედრო ძალების შემადგენლობაში რეზერვისტების „დაუყოვნებლივ ჩართვას, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაძლიერებას და მხარდაჭერას“. ხოლო, ტერიტორიული რეზერვი, რომელიც ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში შეიქმნება, „ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზებას უზრუნველყოფს და შეიარაღებული ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდაჭერას განახორციელებს“. სპეციალისტთა რეზერვში კი, ჩაირიცხებიან ე.წ. სამოქალაქო სპეციალობის მქონე მაღალკვალიფიციური პირები, რომლებიც სამხედრო ძალებს, სხვადასხვა საჭიროებების შესაბამისად, სპეციფიკური ამოცანების გადაჭრაში დაეხმარებიან. 

აქტიური რეზერვი ნებაყოფლობითი იქნება და მასში 18-დან 65 წლამდე პირები ჩაირიცხებიან, რომლებსაც ხუთ წლამდე ვადით ანაზღაურებადი კონტრაქტი გაუფორმდებათ. მათი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება წოდებრივი სარგოს 20%-ით განისაზღვრება, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში – შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით მიეცემათ. აქტიურ რეზერვში მისაღები პირების რაოდენობას განსზღვრავს საქართველოს მთავრობა.

სამხედრო სამობილიზაციო რეზერვის მეორე სახეობა – სამობილიზაციო რეზერვი – საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს სამხედრო ძალების გაძლიერებისა და დანაკარგების შევსების მიზნით შეიქმნება. მასში ჩარიცხვა სავალდებულო იქნება 18-დან 60 წლამდე სამოქალაქო პირებისათვის. სამობილიზაციო რეზერვში გამოძახების შემთხვევაში პირს, სამხედრო სამსახურის პერიოდში, უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება. სამობილიზაციო რეზერვში მისაღები პირების რაოდენობას თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი განსაზღვრავს.

რეზერვში გამოძახებისა და სამხედრო სამსახურის ვადა წელიწადში არაუმეტეს 45 კალენდარული დღით განისაზღვრება. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მყოფი პირების გამოძახებას უზრუნველყოფს ის ქვედანაყოფი, რომელშიც აქტიური რეზერვისტი ირიცხება. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირების გამოძახებას კი, მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ. ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტრო მუნიციპალიტეტებისათვის შექმნის ელექტრონული მართვის სისტემას, რომელიც, კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.

თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ, 2018 წელს, აქტიურ რეზერვში, საპილოტე პროექტის ფარგლებში, 260 სამხედრო ჩარიცხვა იგეგმება. მათი შრომის ანაზღაურების, კვების, აღჭურვისა და მომზადების მთლიანი ხარჯი კი – 1.37 მილიონ ლარს შეადგენს. 

სამხედრო სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფცია 2017-2020 წლების თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის საფუძველზე მომზადდა, რომელიც „ტოტალური თავდაცვის“ მიდგომას ეყრდნობა და ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფას როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო რესურსების გამოყენებით ითვალისწინებს. 

„სამხედრო ძალების რეზერვის და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა პირველად 2006 წლის დეკემბერში მიიღო, რის შემდეგაც 2007-2008 წლებში სამხედრო სარეზერვო სამსახური 28 000 პირმა გაიარა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სარეზერვო სამსახურის არსებული მოდელი არაეფექტურად იქნა მიჩნეული და 2010 წელს მასში ცვლილებები განხორციელდა, რომლის მიხედვითაც რეზერვში გაწვევის 18-დღიანი ვადა 45 დღემდე გაიზარდა. 

2012 წლის აპრილში, ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობამ სამხედრო რეზერვის ახალი კონცეფცია წარმოადგინა, თუმცა მან კანონმდებლობაში ასახვა ვერ ჰპოვა. 2013 წლიდან კი, სამხედრო რეზერვის სისტემის რეფორმაზე მუშაობა უკვე ქართული ოცნების მთავრობამ განაგრძო.

მსგავსი/Related

Back to top button