ახალი ამბები

რუსეთი და ცხინვალი 2011 წლის ვაჭრობის მონიტორინგის შეთანხმების შესახებ

„ამ საერთაშორისო შეთანხმების პოლიტიკური არსის შეფასებაში მხარეებს შორის არსებული უთანხმოებები არ უნდა წარმოჩინდეს პრობლემის სახით“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 თებერვალს მას შემდეგ, რაც თბილისმა განაცხადა, რომ რუსეთის წინა განცხადებები „ცალსახად“ ეწინააღმდეგებოდა 2011 წლის ვაჭრობის მონიტორინგის შეთანხმებას.

„უბრალოდ საჭიროა შეთანხმების შესრულება მისი პირობების მკაცრი დაცვით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის გამოქვეყნებასაც ერთი დღით ადრე წინ უძღოდა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კარასინმა აცნობა აბაშიძეს, რომ რუსული მხარე ამთავრებდა მზადებას კომპანია SGS-თან შეთანხმების, ასევე შვეიცარიასთან სამთავრობოთაშორისი ხელშეკრულების ხელმოსაწერად მისი მუშაობის დასაფინანსებლად, რის შემდეგაც 2011 წლის შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაცია დაიწყებოდა.

სამინისტრო ასევე შეეხო განხილვის სხვა თემებსაც და ზოგადად პოზიტიური შეფასება მისცა „2017 წელს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს“. თუმცა, მოსკოვი კვლავ გამოხატავს შეშფოთებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან საქართველოს მზარდი სამხედრო თანამშრომლობის გამო, რაც მოიცავს წვრთნების ჩატარებას, იარაღის მიწოდებას და სამხედროების მომზადებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსულ სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში ანალოგიური გზავნილები გააჟღერა და აღნიშნა, რომ პრაღაში ძალიან „ემოციური“ დისკუსია გაიმართა. „ჩვენ პუნქტობრივად მოგვიხდა დოკუმენტის გავლა და იმაზე შეთანხმება, რომ მიუხედავად ინტერპრეტაციებისა, მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს ყველა იმ პუნქტის განხორციელება, რომლებიც დოკუმენტშია შესული“, – განაცხადა მან.  

ცხინვალის ხელმძღვანელობა ამ საკითხს 2 თებერვალს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“ ორმხრივი შეთანხმების მხარეს არ წარმოადგენს და ამიტომ მას არავითარი ვალდებულებები არ აკისრია, რომელიც მის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებს შორის სატრანზიტო დერეფნის ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა.  ცხინვალის თქმით, „შეთანხმების პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობა დამოკიდებულია სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებების შედეგებზე“.

თბილისმა 19 დეკემბერს ხელი მოაწერა შეთანხმებას ჟენევაში განთავსებულ კომპანიასთან SGS რუსეთსა და საქართველოს შორის ტვირთების გადაადგილებაზე მონიტორინგის განხორციელების შესახებ. მოსკოვმა განაცხადა, რომ ისიც მოაწერდა ხელს შეთანხმებას.

კონტრაქტი თბილისსა და მოსკოვს შორის 2011 წლის 9 ნოემბერს შვეიცარიის შუამავლობით მიღწეული იმ შეთანხმების ნაწილია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. შეთანხმება ითვალისწინებს „ნეიტრალური კერძო კომპანიის“ დაქირავებას სამი „სავაჭრო დერეფნის“ გავლით ტვირთების გადაადგილებაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით. ორი სავაჭრო დერეფანი ოკუპირებულ რეგიონებში მდებარეობს, ხოლო მესამე ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე.

მსგავსი/Related

Back to top button