skip to content
ახალი ამბები

CRRC-ის კვლევა: საზოგადოების დამოკიდებულება საერთაშორისო გაერთიანებებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ


საერთაშორისო გაერთიანებებში გაწევრიანების მხარდაჭერა. წყარო: კავკასიის ბარომეტრი 2017

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) უახლესი გამოკითხვის თანახმად, ნატოში გაწევრიანებას რესპონდენტთა 41%, ევროკავშირში შესვლას – 45%, ხოლო რუსეთის ლიდერობით შექმნილ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაერთიანებას – 19% ემხრობა. 

გამოკითხვა, რომლის შედეგებიც 1 თებერვალს გამოქვეყნდა, 2017 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, კვლევითი პროექტის – „კავკასიის ბარომეტრის“ ფარგლებში ჩატარდა. კვლევამ თბილისსა და რეგიონებში 2 379 რესპონდენტი მოიცვა და მისი შედეგების საშუალო ცდომილებამ 2% შეადგინა. 

CRRC-ის თანახმად, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა სამ-სამი პროცენტით გაიზარდა 2015 წლის მონაცემებთან შედარებით, როდესაც ამ გაერთიანებებში შესვლას, შესაბამისად, 42% და 38% ემხრობოდა. ამდენივე პროცენტით იკლო ევრაზიული ეკონომიკურ კავშირში გაერთიანების მომხრეთა რიცხვი, რომელიც 2015 წელს 22%-ს შეადგენდა. 

ამასთან ერთად, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა საგრძნობლად ჩამორჩება 2012 წლის მაჩვენებელს, როდესაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერთა რაოდენობა 67%-ს, ხოლო ევროკავშირში შესვლის მომხრეთა რაოდენობა 72%-ს აღწევდა. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე შემცირებულია ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობაც, რომელიც 2013 წელს 32%-ს შეადგენდა. 

რესპონდენტების 51%-მა განაცხადა, რომ თუ საქართველო ნეიტრალური იქნება, ეს შეიძლება დაეხმაროს ქვეყანას კონფლიქტების მოგვარებასა და უსაფრთხოების გაძლიერებაში. გამოკითხულთა 32% კი ფიქრობს, რომ ამ მხრივ საქართველოს მეტ სარგებელს რომელიმე ბლოკში გაერთიანება მოუტანს.

ნატოში გაწევრიანების მომხრეთა შორის, 33% აცხადებს, რომ ალიანსში შესვლით „საქართველო მეტად იქნება დაცული საგარეო საფრთხეებისგან“, 21% ფიქრობს, რომ „გაიზრდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი“, 19% კი ამბობს, რომ „გაუმჯობესდება საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა“. 

ევროკავშირში შესვლის მომხრეებს შორის, 46% აცხადებს, რომ კავშირში შესვლით „გაუმჯობესდება საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა“, 19% მიიჩნევს, რომ „ევროკავშირში გაწევრიანება ხელს შეუწყობს საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას დასავლეთთან“, 10% კი ფიქრობ, რომ „გაიზრდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი“.

ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაერთიანების მომხრეთა შორის, 41% აცხადებს, რომ კავშირში შესვლით „გაუმჯობესდება საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა“, 24% მიიჩნევს, რომ „ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება ხელს შეუწყობს საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას რუსეთთან“, 10% კი ფიქრობ, რომ „გაიზრდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი“.

კვლევის ფარგლებში, რესპონდენტებს საქართველოსადმი მტრულად და მეგობრულად განწყობილი ქვეყნების შესახებაც ჰკითხეს. 

გამოკითხულთა 25%-მა „მთავარ მეგობრად“ ამერიკის შეერთებული შტატები დაასახელა. შემდეგ, შვიდ-შვიდი პროცენტით მოდიან აზერბაიჯანი და უკრაინა, ექვს-ექვსი პროცენტი კი თურქეთსა და რუსეთს ასახელებს. 

საქართველოს „მთავარ მტრად“ რესპონდენტთა 40% რუსეთს მიიჩნევს, 3%-მა თურქეთზე მიუთითა, 6%-მა კი სხვა ქვეყნები დაასახელა. 21% ფიქრობს, რომ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი არც ერთი ქვეყანა არ არის.

მსგავსი/Related

Back to top button