Placeholder canvas
ახალი ამბები

თბილისმა საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის მონიტორინგზე კონტრაქტს ხელი მოაწერა

საქართველოს შემოსავლების სამსახურმა 19 დეკემბერს ხელი მოაწერა კონტრაქტს ჟენევაში განთავსებულ კომპანიასთან SGS საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სამი „სავაჭრო დერეფნის“ მეშვეობით ტვირთების გადაადგილებაზე მონიტორინგის განხირციელების თაობაზე. 

კონტრაქტი თბილისსა და მოსკოვს შორის 2011 წლის 9 ნოემბერს შვეიცარიის შუამავლობით მიღწეული იმ შეთანხმების ნაწილია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. შეთანხმება ითვალისწინებს „ნეიტრალური კერძო კომპანიის“ დაქირავებას სამი „სავაჭრო დერეფნის“ გავლით ტვირთების გადაადგილებაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით. ორი სავაჭრო დერეფანი ოკუპირებულ რეგიონებში მდებარეობს, ხოლო მესამე ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონტრაქტი საქართველოს ხელისუფლებას და შვეიცარულ კომპანიას შორის ბერნში 19 დეკემბერს გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შემდეგ გაფორმდა. ამავე ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და დელეგაციაში შედიოდნენ საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ 2011 წლის შეთანხმების „პრაქტიკული რეალიზაციისათვის", საჭიროა, რომ „ასევე რუსეთის მხარემ ხელი მოაწეროს ანალოგიურ კონტრაქტს შვეიცარულ კომპანიასთან და შესაბამისად, მხარეებმა დაიწყონ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“.

მონიტორინგის მექანიზმი

2011 წლის შეთანხმების თანახმად, კომპანიის წარმომადგენლები ვაჭრობის მონიტორინგის მიზნით თითოეული დერეფნის თავში და ბოლოში განთავსდებიან ისე, რომ მათი განლაგება არ მოხდება უშუალოდ ოკუპირებულ რეგიონებში.

შეთანხმების თანახმად, საქართველომ და რუსეთმა საბაჟო ადმინისტრირების და მონიტორინგის მექანიზმს უნდა მიაწოდონ მონაცემები ყველა იმ საქონლის შესახებ, რომელიც შედის ან გამოდის სავაჭრო დერეფნებიდან.

საბაჟო ადმინისტრირების და მონიტორინგის მექანიზმი ორ ძირითად კომპონენტს აერთიანებს – ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (Electronic Data Exchange System, EDES) და საერთაშორისო მონიტორინგის სისტემას (International Monitoring System, IMS).

ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის (EDES) შემადგენელი კომპონენტი იქნება ტვირთის შესახებ წინასწარი ინფორმაციის მიწოდების ფუნქცია (advanced cargo information). ეს არის სპეციალურად შექმნილი ვებპლატფორმა, სადაც მოხდება გადასაზიდი ტვირთის შესახებ ინფორმაციის წინასწარ თავმოყრა, რაც კერძო კომპანიას რისკის მართვის პროცესს გაუადვილებს. ანუ ამ ელექტრონულ პლატფორმაზე, რომელზეც წვდომა კერძო კომპანიას ექნება, ინფორმაცია თავს მოიყრის მანამ, სანამ ტვირთი სავაჭრო დერეფნის პლატფორმაზე გამოჩნდება.

საერთაშორისო მონიტორინგის სისტემის ერთ–ერთი ელემენტია „თითოეულ სავაჭრო ტვირთზე,  რომელიც შედის წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფანში ტერმინალის გავლით, ელექტრონული ბეჭდის“ დასმა და ამ ტვირთებზე GPS/GPRS მიკვლევადობის სისტემის გამოყენება.

მსგავსი/Related

Back to top button