ახალი ამბები

პარლამენტმა ახალი გენერალური აუდიტორი აირჩია

საქართველოს პარლამენტმა 20 სექტემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე, ხუთი წლის ვადით გენერალური აუდიტორის პოსტზე ირაკლი მექვაბიშვილი აირჩია. 

მექვაბიშვილს საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ბოლო დრომდე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირის თანამდებობა ეკავა. მისი კანდიდატურა დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, 8 სექტემბერს წარუდგინა.

„იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გამომიცხადებს ნდობას, როგორც გენერალური აუდიტორი, ვიზრუნებ აუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაზე. ის თითქმის 25-წლიანი გამოცდილება, რაც შეძენილი მაქვს საბანკო-საფინანსო სექტორში მოღვაწეობის დროს, მოხმარდება აუდიტის სამსახურის თვისობრივად ახალ დონეზე გადასვლას. სამსახური გახდება უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი, უფრო გამჭვირვალე და დამოუკიდებელი“, – განაცხადა წარდგენისას ირაკლი მექვაბიშვილმა.

პლენარულ სხდომაზე, მექვაბიშვილის კანდიდატურას მხარი პარლამენტის 80-მა წევრმა დაუჭირა. მანამდე, გენერალური აუდიტორის კანდიდატურა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა მოიწონეს.
|
გენერალური აუდიტორის პოსტზე ირაკლი მექვაბიშვილმა ლაშა თორდია შეცვალა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა და ხუთწლიანი ვადა ზაფხულში ამოეწურა. 

აუდიტის სამსახურის უფროსის არჩევა და უფლება-მოვალეობები საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. კონსტიტუციის 97-ე მუხლის მიხედვით, აუდიტის სამსახური არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს აუდიტს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში და ასევე მონიტორინგს უწევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსურ საქმიანობას.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button