ახალი ამბები

სააკაშვილი: უკრაინაში ‘ჩემი არშეშვება იქნება ძალიან დიდი ზარალი მათთვის’

საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბერს პოლონეთის გავლით გეგმავს, სადაც მასთან ერთად ასევე იქნებიან ევროპარლამენტის წევრები, ასევე ჟურნალისტები და მისი მხარდამჭერები, იტყობინება „რუსთავი 2“ სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.

ექს-პრეზიდენტმა ეს განცხადება „რუსთავი 2“-თან მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს, ჯოზეფ დოლს შეხვდა კოპენჰაგენში პარტიის პოლიტიკური ასამბლეის ფარგლებში.

სააკაშვილის თქმით, უკრაინის მთავრობა „ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინაში არ გადავიდე“. „საზღვარი გაამაგრეს, საზღვარზე ჩამოიყვანეს ჯავშანტექნიკა, მავთულხლართები დააყენეს. ეს სრულიად უპრეცედენტო მოვლენაა, საბჭოთა კავშირის დროს არ ყოფილა ასეთი გამაგრებები აღმოსავლეთ ევროპულ საზღვრებზე საბჭოთა კავშირთან“, – განაცხადა მან.

„ეს აჩვენებს მხოლოდ ერთ რაღაცას, მათ ჩემი ძალიან ეშინიათ“, – განაცხადა სააკაშვილმა. „ეშინიათ იმიტომ, რომ მე მაქვს უკრაინაში მხარდაჭერა; ეშინიათ იმიტომ, რომ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში მე მაქვს ყველაზე მზარდი რეიტინგი და ამიტომ მომექცნენ ძალიან უსამართლოდ“.

მის შესაძლო არშეშვებაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მათ ეს „გაუჭირდებათ“ და „ეს იქნება ძალიან დიდი ზარალი მათთვის“. „ამიტომ, დავაკვირდებით მოვლენებს. ახლა ჩემი გეგმა არის მხოლოდ ერთი – შესვლა, დაბრუნება, სათავეში ჩადგომა ამ მოძრაობის ბოლომდე და საქმის ბოლომდე მიყვანა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ექსტრადიციის ან სხვა რამის თავი რომ ჰქონოდა, უკრაინაში რომ ვიყავი მაშინ ჩამომართმევდა მოქალაქეობას და გამიშვებდა სადღაც; დაელოდნენ როცა გავედი ქვეყნიდან და ისტერიულად არ უნდათ ჩემი შეშვება“, – დასძინა ექს-პრეზიდენტმა.

სააკაშვილმა უკრაინასა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი „ყველაზე სწრაფად მზარდი პოლიტიკური პარტიის“ ლიდერია და რომ „საქართველოში სიტუაცია ძალიან სწრაფად ვითარდება“.

„ოლიგარქები ყველგან ჩვენი მტრები არიან და ოლიგარქები ყველგან ახლა არიან მორყეულები. ამ მომენტის გაშვება არ შეიძლება არც ქართული ოპოზიციისთვის, არც იმ ხალხისთვის, ვინც მე მხარს მიჭერს უკრაინაში, ჩვენი მხარდამჭერებისთვის საქართველოსა და უკრაინაში“, – განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა, დაახლოებით სამ წელიწადში მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, რათა ოდესის გუბერნატორი გამხდარიყო. სააკაშვილი საქართველოს მიერ სხვადასხვა ბრალდებებით იძებნება, რომელთაც ის უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button