ახალი ამბები

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აფგან მუხთარლის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებისა და ბაქოში დაკავებიდან სამი თვის შემდეგ, პარიზში მოქმედმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 29 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კვლავ დაგმო „აზერბაიჯანის მიერ ისეთი დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნა, როგორიც საქართველოს დედაქალაქში მცხოვრები და 29 მაისს თბილისიდან გატაცებული მუხთარლი იყო“.

„აფგან მუხთარლის დაკავება აზერბაიჯანის და საქართველოს სირცხვილია“, – განაცხადა იოჰან ბირმა, ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს ხელმძღვანელმა. „ეს დაკავება ბუნდოვან პირობებში მოხდა. ახლა კი მას, ელემენტარული ჰუმანიტარული პრინციპების საწინააღმდეგოდ, ახანგრძლივებენ“.

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ჟურნალისტი და მის მიმართ ხელოვნურად შედგენილი ყველა ბრალდება მოხსნას. საქართველოს ხელისუფლებამ კი ნათელი უნდა მოჰფინოს მის გატაცებასთან დაკავშირებულ გარემოებებს“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მუხთარლის საქმეზე საქართველოში მიმდინარე გამოძიება „უშედეგო აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს“. „მუხთარლის გატაცების ადგილზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები გაურკვეველ ვითარებაში შეცვალეს“, – ვკითხულობთ განცხადებაში. 

თბილისში მცხოვრები საგამოძიებო ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, საქართველოს დედაქალაქიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს, მუხთარლი აზერბაიჯანში აღმოჩნდა, სადაც იგი საზღვრის უკანონო კვეთის, უცხოური ვალუტის კონტრაბანდისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააპატიმრეს.

თბილისში დარჩენილი ჟურნალისტის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, და ოჯახის ახლობლები ეჭვობენ, რომ მუხთარლი, რომელიც ჟურნალისტური გამოძიებებით აზერბაიჯანის ხელისუფლებას კორუფციაში ამხელდა, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა გაიტაცეს.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობს.

არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ გამოუქვეყნებია ის ფაქტები, რაც მისთვის გამოძიების ფარგლებში გახდა ცნობილი. გამოძიების გაჭიანურების მიზეზად, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები ასახელებენ იმას, რომ არ აქვთ მოპოვებული აფგან მუხთარლის ჩვენება და რომ, ქართველი სამართალდამცველების მიერ ჟურნალისტის დაკითხვისათვის, დღემდე ელიან აზერბაიჯანის ხელისუფლების ნებართვას.

ჟურნალისტის საქართველოდან გაუჩინარებასა და აზერბაიჯანში დაპატიმრებას, ასევე არასათანადოდ წარმოებულ გამოძიებას საქართველოს პრეზიდენტის, ქართული ოპოზიციური პარტიების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აქტიური გამოხმაურება და პროტესტი მოჰყვა.

15 ივნისს, მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი „კატეგორიულად გმობს აფგან მუხთარლის გატაცებას თბილისში და შემდეგ მის დაუსაბუთებელ დაკავებას ბაქოში, რასაც ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევად მიიჩნევს და გმობს კანონის დარღვევის ამ მძიმე აქტს“. რეზოლუცია საქართველოს „სწრაფი, საფუძვლიანი, გამჭირვალე და ეფექტური გამოძიების“ ჩატარებისკენ მოუწოდებს, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან აფგან მუხთარლისთვის ბრალდებების მოხსნას და პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

27 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუხთარლის საქმეზე მუდმივი მონიტორინგის განხორციელების პირობა დადეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button