ახალი ამბები

ქეთევან ციხელაშვილი სამხრეთ ოსეთში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვას ეხმაურება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გადაწყვეტილება რვა ქართულ სკოლაში სწავლების რუსულ ენაზე გადაყვანის შესახებ „უკიდურესად შემაშფოთებელია“ და წარმოადგენს „ცალსახა დისკრიმინაციულ ნაბიჯს ეთნიკური ნიშნით“, – უთხრა 2 აგვისტოს Civil.ge-ს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.

„ეს იქნება არა მხოლოდ მოსახლეობის უფლებების შელახვა და მათი ნების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, არამედ, ფაქტობრივად, განათლების შესაძლებლობის წართმევა ბავშვებისთვის, რამდენადაც არც მოსწავლეები და არც მასწავლებლები რუსულ ენას არ ფლობენ“, – განაცხადა ციხელაშვილმა. 

სახელმწიფო მინისტრმა პარალელები გალის რაიონში შექმნილ ვითარებასთანაც გაავლო, „სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოახდინეს რუსიფიკაცია და ყველა სკოლა გადაიყვანეს რუსულ ენაზე სწავლებაზე“ და აღნიშნა, რომ „ეს არის ყოვლად მიუღებელი მოცემულობა, რომელიც არ ჯდება არც ცივილურ, არც ჰუმანურ და არც გონივრულ საზღვრებში, მით უფრო, როცა საუბარია ბავშვების უფლებებზე, მათ მომავალზე“.

„ეს არის ცალსახა დისკრიმინაციული ნაბიჯი ეთნიკური ნიშნით და სწორედ ეთნიკურად ქართველების წინააღმდეგ მიმართული“, – დასძინა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა დღემდე ვერ ახერხებს შინ დაბრუნებას, ხოლო „ქართველების იმ ნაწილს, რომელიც რჩება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, თითქმის გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება“.

„განათლების მიღების შეზღუდვა არის მათზე [ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებზე] ზეწოლა და გამოდევნის არაპირდაპირი მცდელობა, რასაც ემატება სხვა ტიპის შეზღუდვები, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ: გადაადგილების თავისუფლებიდან დაწყებული, საკუთრების უფლებით დამთავრებული“, – ამბობს ციხელაშვილი. 

„ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მიმართული, მკაფიო დისკრიმინაციული პოლიტიკა წარმოუდგენელ მასშტაბებს იძენს წლების განმავლობაში, მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, შექმნილი ვითარება „იმსახურებს ძალიან მაღალ საერთაშორისო ყურადღებას და ჩართულობას“, იმისთვის რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ქართველების მდგომარეობა გამოსწორდეს. „ეს არის მიუღებელი მოცემულობა და არ ვაპირებთ ამასთან შერიგებას“, აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა და დასძინა, რომ ეს იქნება საუბრის მთავარი თემა „არა მხოლოდ ჟენევის და ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), არამედ ყველა [სხვა] ფორმატში“.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 26 ივლისს გამოაცხადა, რომ რეგიონში არსებულ ქართული სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება 2017-2018 სასწავლო წლიდან აიკრძალება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button