ახალი ამბები

პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთილ კვლევაში

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თითქმის სამი თვით ადრე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო ყველაზე ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობს და რესპონდენტების 23% აცხადებს, რომ ეს პარტია მათთან „ყველაზე ახლოს მდგომია“, ხოლო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ასეთად რესპონდენტების 9% ასახელებს.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა, NDI-ის დაკვეთით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით, გამოკითხვა 18 ივნისიდან 9 ივლისამდე პერიოდში აწარმოა. კვლევის ფარგლებში წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 2261 რესპოდენტი გამოიკითხა და კვლევის ცდომილების ზღვარი +/-2.2 %-ს შეადგენს.

კვლევის თანახმად, რესპონდენტების 13%–მა ან უარი თქვა პასუხზე ან განაცხადა, რომ არ იციან, რომელი პარტია დგას მათთან ახლოს. რესპონდენტების 37%–მა ამ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მათთან „არც ერთი პარტია“ არ დგას ახლოს.
 
პატრიოტთა ალიანსი და ევროპული საქართველო, 4-4%-მა დაასახელა, ხოლო რესპონდენტების 7%–მა სხვა პარტიებზე მიუთითა.

2017 წლის აპრილის ანალოგიურ კვლევაში, მმართველი პარტია რესპონდენტების 29%–მა დაასახელა მათთან ახლოს მდგომ პარტიად; შემდეგ მოდიოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 10%-ით; ლეიბორისტულ პარტიას კი 3% ჰქონდა. აპრილში რესპონდენტების 4%–მა არ იცოდა, რომელი პარტია იყო მათთან ახლოს, 38%–მა აღნიშნა, რომ „არც ერთი“, ხოლო 8%-მა სხვა პარტიები დაასახლა. 

ივნისის კვლევის თანახმად, 2261 გამოკითხული რესპონდენტიდან, 62%–მა (მათ შორის, კვლევაში მონაწილე ახალგაზრდების 68%-მა) განაცხადა, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, ადგილობრივი არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს.

“გადაუწყვეტელი ამომრჩევლების დიდი რაოდენობა პოლიტიკური პარტიებისთვის ერთდროულად გამოწვევაცაა და შესაძლებლობაც. არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და პარტიებს დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევთ, რათა დააინტერესონ ამომრჩევლები, შესთავაზონ პრობლემების მოგვარების კონკრეტული გზები და დაანახონ, თუ რით განსხვავდებიან თავიანთი ოპონენტებისგან”, – აღნიშნა ლორა თორნტონმა, NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა რესპონდენტთა 57%-მა დაადასტურა. 

კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდნენ ისინი ხმას, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, იმ ამომრჩევლების 35%–მა, ვინც სავარაუდოდ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, უპასუხა, რომ „არ იცის“; 15%–მა პასუხზე უარი განაცხადა, ხოლო 5%–მა განაცხადა „არც ერთ პარტიას“.

ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს 27%–იანი მხარდაჭერა აქვს იმ ამომრჩევლებისგან, რომლებიც სავარაუდოდ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში; ნაციონალურ მოძრაობას ხმას – 8%, ევროპულ საქართველოს – 3%, ხოლო სხვა პარტიებს -7% მისცემდა. 

რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, გამოკითხვის თანახმად, იმ რესპონდენტთაგან, რომლებიც სავარაუდოდ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, 37% ხმას  ქართული ოცნების კანდიდატს – კახა კალაძეს მისცემდა, 22% მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს – ალეკო ელისაშვილის დაუჭერდა. 16%-ისთვის ფავორიტი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი – ზაალ უდუმაშვილი იქნებოდა, 5% უპირატესობას ევროპული საქართველოს კანდიდატს – ელენე ხოშტარიას მიანიჭებდა, ხოლო 2% ხმას ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს მისცემდა. 

8% გადაუწყვეტელია; 3%-მა თქვა, რომ ხმას არც ერთ კანდიდატს მისცემდა, 5%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა. 

რესპონდენტთა საერთო რაოდენობის მიხედვით კი, თბილისის მერობის კანდიდატთა რეიტინგები შემდეგნაირად გადანაწილდა: კახა კალაძე – 30%, ალეკო ელისაშვილი – 19%, ზაალ უდუმაშვილი – 18%, ელენე ხოშტარია – 5%, ხოლო ლეიბორისტული პარტიის კანდიდატი – 3%. 

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 73%-სთვის ტელევიზია რჩება პარტიებისა და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროდ, ხოლო ინტერნეტი ასეთად 19%-მა დაასახელა. რესპონდენტთა 34%, პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ უტყუარი ინფორმაციის მიღების მიზნით, ყველაზე სანდო წყაროდ „რუსთავი 2“-ს მიიჩნევს, „იმედს“ ასეთად – 32%, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელს – 3% ასახელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button