Placeholder canvas
ახალი ამბები

მთავრობამ აშშ-ში ლობირებისთვის კომპანია Rasky Partners დაიქირავა


მთავრობის კანცელარია, თბილისი, 2017. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

საქართველოს მთავრობამ, აშშ-ის კონგრესსა და ადმინისტრაციაში თავისი ინტერესების ლობირებისთვის, ბოსტონში მდებარე კომპანია Rasky Baerlein Strategic Communications (2017 წლის თებერვლიდან Rasky Partners) დაიქირავა.
 
დოკუმენტებით, რომელიც ლობისტურმა კომპანიამ აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (Foreign Agent Registration Act – FARA) შესაბამისად წარუდგინა, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა, ოთხთვიანი კონტრაქტის ფარგლებში, კომპანიას ყოველთვიურად 30 000 აშშ დოლარს გადაუხდის.
 
შეთანხმება, რომელიც ძალაში 5 მაისიდან შევიდა და 5 აგვისტოს დასრულდება, შესაძლოა ორივე მხარის შეთანხმების საფუძველზე განახლდეს.
 
კონტრაქტის თანახმად, აშშ-ის კონგრესსა და ადმინისტრაციასთან საქართველოს მთავრობის კონტაქტების ლობირების გზით, Rasky Partners იმუშავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე, რაც საქართველოს მიმართ პოლიტიკურ მხარდაჭერას და საგარეო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის დახმარების ზრდას უზრუნველყოფს.
 
კომპანია ასევე განახორციელებს ლობირებას აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, რათა ისინი საქართველოში მეტი ამერიკული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისა და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების ზრდის საჭიროებაში დაარწმუნოს.

ლარი რესკი, რომელიც 2007 წელს კამპანიის – „ბაიდენი პრეზიდენტად“  – კომუნიკაციების დირექტორი იყო, ამჟამად Rasky Partners-ს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია. უფრო ადრე, 1988 წელს, იგი მუშაობდა სენატორ ჯოზეფ ბაიდენის 1988 წლის საპრეზიდენტო კამპანიის პრესმდივნად. იგი ასევე ხელმძღვანელობდა კომუნიკაციების მიმართულებას ჯონ კერის სააჩევნო კამპანიაში, სენატში მისი პირველი არჩევის დროს. გარდა ამისა, ლარი რესკის, პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მეორე საარჩევნო კამპანიისას, ეკავა პრესმდივნის მოადგილის თანამდებობა.

 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button