Placeholder canvas
ახალი ამბები

ზაალ უდუმაშვილი „რუსთავი 2“-ს ტოვებს და მერის არჩევნებისთვის იწყებს მზადებას


ზაალ უდუმაშვილმა პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, 19 ივნისი, 2017. ფოტო: Rustavi 2 TV

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ და გადაცემა „კურიერის“ წამყვანმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა 19 ივნისს, რომ ის 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებზე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.

„კურიერის“ დასასრულს უდუმაშვილმა მაყურებლებს მიმართა და განაცხადა, რომ ის ასრულებს თავის 25-წლიან სატელევიზიო კარიერას და პოლიტიკაში მიდის, რათა „თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო [ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა] ივანიშვილის კორუმპირებული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი“.

„ჩვენ, ამიერიდან, სატელევიზიო ეკრანი აღარ გაგვყოფს“, – მიმართა უდუმაშვილმა მაყურებლებს და დაპირდა, რომ „უშუალო ურთიერთობით“ აქტიურ კომუნიკაციას შეინარჩუნებს მათთან.

„როგორც ჟურნალისტი მთელი ამ წლების განმავლობაში, მე თქვენი ყოველდღიური სტუმარი ვიყავი და გაწვდიდით ინფორმაციას ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუმცა ახლა ვთვლი, რომ დადგა დრო, როდესაც თავად უნდა გავხდე პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე და ჩემი წვლილი შევიტანო იმ ბრძოლაში, რომელიც ქვეყანაში ტოტალურ განუკითხაობას და ერთი კაცის მმართველობას დაასრულებს“, – დასძინა მან.

ამ განცხადებამდე ორი კვირით ადრე უდუმაშვილი კიევს სტუმრობდა, სადაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. თუმცა, თავის 19 ივნისის განცხადებაში უდუმაშვილმა არ დააკონკრეტა იქნება, თუ არა ის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი არჩევნებზე.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button